Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ადასტურებს ერთობას "აგრესიული" რუსეთისგან მომდინარე საფრთხის პირობებში


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში. 2021 წ. 23 მარტი.
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში. 2021 წ. 23 მარტი.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ ალიანსი გააგრძელებს ადაპტაციას „მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის პირობებში“ და აღნიშნეს, რომ „რუსეთის აგრესიული ქმედებები მუქარას წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.“

ამის თაობაზე ლაპარაკია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 23 მარტს გამოაქვეყნეს მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც ესწრება ნატოს ორდღიან შეხვედრას, - დასავლეთის უსაფრთხოების ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას 2019 წლის შემდეგ, - განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო აღმასვლა და რუსეთის მცდელობა, მოახდინოს დასავლეთის დესტაბილიზაცია, არის საფრთხეები, რომლებიც ნატოს შეკავშირებას მოითხოვს.

ერთობლივ განცხადებაში ნატოს მინისტრებმა კვლავ გაუსვეს ხაზი „ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ურყევ ტრანსატლანტიკურ კავშირს, რომლის გულია ნატო“.

მანამდე ოთხი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პერიოდში, ნატოში დაპირისპირებები შეინიშნებოდა. ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ალიანსის ზოგიერთ წევრს იმისთვის, რომ, მისი თქმით, ისინი თავს იკავებდნენ თავიანთი წილი ხარჯების გაწევისგან.

მინისტრებმა ასევე ერთგულება გამოხატეს ნატოს ფუძემდებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ, რომლის მიხედვით, ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განხილულ უნდა იქნეს ყველა მოკავშირეზე თავდასხმად.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 30 ქვეყნის ალიანსის წევრები „წარმატებას აღწევენ ტრანსატლანტიკური ტვირთის სამართლიან განაწილებაში“.

ბრიუსელში თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში ბლინკენმა პირობა დადო, რომ აშშ ძალისხმევას იქითკენ მიმართავს, რათა აღადგინოს და გააძლიეროს ნატო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG