Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები: ოთხი პირი ფლობს დამატებით ინფორმაციას ექთნის გარდაცვალების საქმეზე


გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიება 28 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე არაეფექტურად მიმდინარეობს. მათი მტკიცებით „ყველა გარემოება სისხლის სამართლის საქმეში საეჭვოა“ და გარდაცვალებიდან 6 დღის თავზე, საგამოძიებო უწყების მხრიდან ერთ კითხვაზეც არ არის პასუხი გაცემული.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის კლინიკაში, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ექთნის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, ადვოკატები არ ფლობენ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული მოწმეების შესახებ. მისი თქმით, გამოძიებამ კონკრეტული პირების გამოკითხვა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ადვოკატებმა, ორი დღის წინ, შუამდგომლობით მიმართეს პროკურატურას კონკრეტული პირების გამოკითხვის მოთხოვნით. ადვოკატის მტკიცებითვე, საქმეში არ დევს კლინიკების სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც:

„ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს საქმის მასალები. გვაქვს გამოკითხვის სამი ოქმი. მათ შორის, ორი გამოკითხვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასპექტს უკავშირდება და ერთი გამოკითხვა ეხება კლინიკა „იმედში“ არსებულ სამეთვალყურეო კამერებს. ორი დღის წინ მივმართეთ საგამოძიებო უწყებას კლინიკა „იმედის“ თანამშრომლების, სხვადასხვა თანამდებობის პირის გამოკითხვის მიზნით და გუშინ [23 მარტი], მხოლოდ ჩვენი შუამდგომლობის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. ამ გამოკითხვების შემდეგ, გამოძიება ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის და არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ ვინ გამოიკითხა, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ახალციხეში. დღეის მდგომარეობით, საქმეში არ გვაქვს წარმოდგენილი სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, არც ახალციხის კლინიკიდან, არც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან. გამოკითხულია, მხოლოდ და მხოლოდ, კლინიკა „იმედის“ სამეთვალყურეო კამერებზე უფლებამოსილი პირი, რომელიც თანახმაა, რომ წარმოადგინოს კამერების ჩანაწერები და მისცეს გამოძიებას. თუმცა, გამოძიება სასამართლოს მიმართავს კამერების ჩანაწერების მხოლოდ დათვალიერების შუამდგომლობით. გამოძიებას კამერების ჩანაწერები პირდაპირ შეეძლო დაეთვალიერებინა, თუმცა, დათვალიერებაც არ არის საკმარისი. კამერების ჩანაწერები უნდა იქნას გამოთხოვილი, ამოღებული და შემდგომ დართული სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრების წესით“.

„ოთხმა პირმა იცის, როგორი იყო მეგის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და მას შემდეგ“

28 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ირწმუნება, რომ ექთნის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე დამატებით ინფორმაციას ფლობს ოთხი პირი, რომლებმაც იციან მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ როგორც ვაქცინაციამდე, ისე, იციან იმის შესახებაც, თუ რა დახმარება გაეწია მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდგომ და ისინი ამ პროცესს საგანგაშოდ მიიჩნევენ. ნინო ამაღლობელი აცხადებს, რომ ეს ადამიანები არ არიან მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები და ახლობლები და არიან „აბსოლუტურად ობიექტური პირები“:

„არიან თუ კლინიკის თანამშრომლები, ამის შესახებ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არ გაგიმხელთ. თუმცა, აუცილებლად გეტყვით იმას, რომ უახლოეს, შემჭიდროვებულ ვადებში, კვლავ მივმართავთ გამოძიებას შუამდგომლობით, ყველა ამ პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით, რომ გამოკითხულ იქნან ეს ადამიანები სისხლის სამართლის საქმეზე. ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის გამოძიებისთვის“.

ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან უწყების პრეს-სამსახურში, დამატებითი კომენტარი მიმდინარე საქმეზე, ამ ეტაპზე, არ კეთდება. შეგახსენებთ, ოფიციალური განცხადება საგამოძიებო უწყებას ექთნის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, არ გაუვრცელებია.

რას ეუბნება ექთნის სამედიცინო ისტორია ადვოკატებს და რა ვერსიებზე მუშაობენ ისინი?

ოჯახის ადვოკატები, ამ ეტაპზე, გარდაცვლილი ექთნის სამედიცინო ისტორიის მხოლოდ ნაწილს ფლობენ. ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ საქმეში არსებული ეს დოკუმენტები, ზოგადია და იძლევა გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიის განვითარების საშუალებას.

რაც შეეხება გარდაცვალების ვერსიებს, ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში, რომლებსაც ადვოკატები აწარმოებენ, მუშაობა მიმდინარეობს სამი მიმართულებით:

„პირველი, ეს არის ანაფილაქსიით გამოწვეული რეფრაქტორული შოკი, თუმცა, არ არის დაზუსტებული, ნამდვილად ანაფილაქსიით იქნა თუ არა გამოწვეული შოკი. მეორე ვერსია, რომელიც გავრცელდა მედიაში, მათ შორის, პროფესიონალების მხრიდან, ეს არის ფილტვის თრომბოემბოლია. ანაფილაქსიაცა და თრომბოემბოლიაც, შესაძლოა, ახასიათებდეს კოვიდ-იმუნიზაციის პროცესს. რაც შეეხება მესამე ვერსიას, ერთ-ერთ სამედიცინო ჩვენებაში წერია, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, რაც კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებში ვლინდება. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მას ჩაუტარდა PCR ტესტი კოვიდზე და შედეგი იყო უარყოფითი და თუ გამოვრიცხავთ იმას, რომ მეგის არ ჰქონდა მიმდინარე კოვიდი, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ მას უკვე გადატანილი ჰქონდა კოვიდი, ორგანიზმში ჰქონდა ანტისხეულები და ამის შემდგომ ვაქცინაციამ გამოიწვია მძიმე შედეგი. ვმუშაობთ ყველა ვერსიაზე. ჯერჯერობით, ის დოკუმენტაცია, რაც ჩვენ გვაქვს, არ აძლევს ექსპერტებს საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას“.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა გადატანილი COVID19 მეგი ბაქრაძეს? კლინიკა „იმედის“ დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ირწმუნება, რომ 28 წლის ექთანს კორონავირუსი არ გადაუტანია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს19 მარტს უთხრა:

„მომხდარის შემდეგ იყო საუბრები, ხომ არ ჰქონდა ვირუსი. ჩვენ 7-14 დღეში ერთხელ ვიტესტებით, ამიტომ გამორიცხულია, რომ კოვიდი ჰქონდა და ჩვენ არ ვიცოდით“.

ადვოკატების მიმართვა სამედიცინო ასოციაციებს

ვახტანგ ბარამაშვილი დახმარების თხოვნით მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის, სამედიცინო ასოციაციებს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ადვოკატები დარგის სპეციალისტებს 24 მარტს ან 25 მარტს დილით, გადასცემენ ყველა იმ სამედიცინო დოკუმენტაციას, რასაც ისინი ამ დროისთვის ფლობენ და ასევე შემდგომში მიიღებენ, რათა მომზადდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დასკვნა:

„ძალიან გთხოვთ, მიეცით თქვენი შეფასება ამ სიტუაციას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მოხდა. მეგის შემთხვევა უნდა იყოს ის, რომელიც დაიცავს დანარჩენ საქართველოს ანალოგიური შემთხვევებისგან. ჩვენ ამ ეტაპზევე უნდა გავარკვიოთ სიმართლე, რომ აღარასდროს განმეორდეს იგივე. მინდა მივმართო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებსაც იმუნიზაციის პროცესზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა და ვთხოვო, მეტი მხარდაჭერა პროცესისადმი იმის გამოც, რომ ჩემი ინფორმაციით, ახალციხის კლინიკის მედპერსონალში არსებობს შიში, რომ ერთეულ ადამიანებზე გადატყდება ჯოხი. მინდა ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ოჯახის ინტერესს წარმოადგენს სიმართლის დადგენა და მინდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ სახელმწიფოს წარმომადგენლების იმედი, რომ გამოძიება ჩატარდება ობიექტურად და ჯოხი ერთ ადამიანზე არ გადატყდება“.

ადვოკატები საგამოძიებო პროცესში ჩართვას სთხოვენ „ასტრაზენეკას“

ადგოკატებმა გამოძიებაში ჩართვის მიზნით მიმართეს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიას „ასტრაზენეკასაც“. წერილი ბრიტანეთში 22 მარტს გაიგზავნა. ადვოკატების თქმით, ამ ეტაპზე, კომპანიის მხრიდან მათ წერილზე გამოხმაურება არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული მომხდარი ფაქტის ადგილზე შესასწავლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და „ასტრაზენეკას“ ექსპერტები ჩამოვიდნენ:

„თითოეული ამ ტიპის გართულების შესახებ, რა თქმა უნდა, ანგარიში მიდის შვედეთში, უფსალაში, წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრში. ამ ინფორმაციას აგზავნის რეგულირების სააგენტო. როდესაც ექსპერტიზის ბიურო დაასრულებს სრულ გამოკვლევას, ეს ეცნობება „ასტრაზენეკას“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. იქ თავდაპირველად იგზავნება მოკლე ანგარიში და შემდეგ უკვე გაფართოებული ანგარიში. არ არის გამორიცხული, როდესაც მათი წარმომადგენლები ადგილზე ჩადიან და სწავლობენ კონკრეტულ შემთხვევას, რადგან თავად კომპანიაც და. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ყველა დეტალი იყოს გარკვეული და ცნობილი“.

ახალციხის კლინიკაში მომხდარ ფაქტს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. 22 მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შუალედურ დასკვნას კლინიკაში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, სააგენტო, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს. რეგულირების სააგენტოს პრეს-სამსახური, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან კვლავ მიმდინარეობს და როგორც კი მუშაობა დასრულდება, შუალედური დასკვნის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG