Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარიამ დავით ხიდაშელზე საგამოძიებო ვიდეო გამოაქვეყნა


ფრაგმენტი ელენე ხოშტარიას გამოქვეყნებული გამოძიებიდან, რომელიც დავით ხიდაშელის კავშირების ილუსტრაციას წარმოადგენს
ფრაგმენტი ელენე ხოშტარიას გამოქვეყნებული გამოძიებიდან, რომელიც დავით ხიდაშელის კავშირების ილუსტრაციას წარმოადგენს

მოძრაობა "დროა" და მისი დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დავით ხიდაშელის დანაშაულებრივ რეჟიმებთან კავშირზე და მის რუსულ ინტერესებზე საუბრობს. ხოშტარიას თქმით დავით-გარეჯის საქმე სინამდვილეში რუსული საქმეა და სწორედ ამგვარი ჩარევები კრემლის მხრიდან ართულებს მოლაპარაკების პროცესს საქართველოსა და მის მეზობელ პარტნიორ ქვეყანას, აზერბაიჯანს შორის. დავით ხიდაშელი კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფუგურაა, სწორედ მას თხოვა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის არქივებიდან კარტოგრაფიული მასალის მოძიება და ჩამოტანა საქართველოში, მის მიერ მოპოვებული რუკების საფუძველზე გააგზავნა მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყების თხოვნით.

ელენე ხოშტარია ვიდეოში ამბობს, რომ ბერძნული კომპანია ინტრაკომი, სადაც დავით ხიდაშელი მუშაობს, სინამდვილეში კრემლის ინტერესების გამტარი რუსული კომპანიაა და 2006 წლიდან 2016 წლამდე იყო რუსული "სისტემას" ნაწილი.

"დავით ხიდაშელი 2007 წლიდან უმსხვილეს რუსულ საკომუნიკაციო კომპანია სისტემას შეუერთდა და ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. კომპანია სისტემას დამფუძნებელი და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვლადიმირ ევტუშენკოვი, პუტინთან დაახლოებული ბიზნემენია. როგორც ირკვევა, კომპანია სისტემა გაეროს სანქციების გვერდის ავლით, კიმ ჩენ ინის რეჟიმის დროს ჩრდილოეთ კორეელ მოქალაქეებს ასაქმებდა. კომპანია სისტემა 2014 წელს, მაიდნის მოვლენების დროს ვიქტორ იანუკოვიჩს აფინანსებდა და მისი კუთვნილი ბანკების მეშვეობით ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა. სისტემა დაკავშირებულია 90-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს კრიმინალურ დაჯგუფება სოლნცევოსთან" - ყვება ელენე ხოშტარია გამოძიებაში.

ხოშტარიამ იმის დამამტკიცებლად, რომ რუსულ-ბერძნული კომპანია ინტელკომი ასადის რეჟიმს სატელეკომუნიკაციო სისტემებით ამარაგებდა, მაშინაც კი, როცა ის სანქციებს დაექვემდებარა, გაასაჯაროვა ელექტრონული მიმოწერა, რომელიც სირიის რეჟიმის ლიდერს, ბაშარ ალ ასადსა და ხიდაშელის ე.წ. ბერძნულ კომპანიას, Intracom-ს შორის სირიის ომის დროს მიმდინარეობდა.

"დროას" ცნობით, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ხიდაშელის კომპანია სანქციების გვერდის ავლით სატელეკომუნიკაციო სისტემებით ამარაგებდა ასადის რეჟიმს მაშინ, როცა სირიაში ომი მიმდინარეობდა და სირიის ლიდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა.

ელენე ხოშტარიას მიერ გასაჯაროვებული შტაზის არქივის დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანია ინტრაკომის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი, სოკრატის კოკალისი შტაზის აგენტი იყო. ხოშტარია ამბობს, რომ სწორედ შტაზის აგენტობის დროს დააგროვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოკალისმა, რამაც შემდეგ მისი ბიზნესის წარმატება განაპირობა.

საგამოძიებო ვიდეოში ელენე ხოშტარია ამბობს იმასაც, რომ მართალია დავით ხიდაშელი ევროპაში, კერძოდ შვეიცარიაში, ჟენევაში ცხოვრობს, მაგრამ ეს ადგილი ტბის პირად "რუსულ სოფლად" იწოდება და იქ რუსი ჩინოვნიკების, KGB-სა და FSB-ს წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. "რუსული სოფლის" არსებობას ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებიც ადასტურებენ.

კარტოგრაფების საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე დავით ხიდაშელზე და მის რუსულ კავშირებზე რადიო თავისუფლებაც წერდა. დავით ხიდაშელი ერთ-ერთია იმ ქართველ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც “პანამის დოკუმენტებში” მოხვდნენ. რაც შეეხება ბერძნულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ს, რომლის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტიც ხიდაშელია, მისი აქციების 51%-ს რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი АФК “Система” ჩეხეთში დარეგისტრირებული ფირმის მეშვეობით ფლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG