ვაშლიჯვრის მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს და თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებს მეწყრული პროცესის მართვის გამჭვირვალობისა და ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობისკენ.
იქ მცხოვრებ მოსახლეობას რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვს:
- გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, საშიშროების გათვალისწინებით, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.
- დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
- მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.
- შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.
- შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
აქციის მონაწილეები ყველას მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელშიც წერია, რომ ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ცხოვრობს ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო:
„მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება - რა დასკვნებზე დაყრდნობით“, - ვკითხულობთ პეტიციაში.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკურია.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.