Accessibility links

site logo site logo

გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა


„თავისუფლება ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმარს გოგი წულაიას“, „თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში პოლიტიკოს გოგი წულაიას მხარდამჭერები ავტოკოლონით მივიდნენ გლდანის #8 დაწესებულებასთან, სადაც გოგი წულაია იმყოფება და მისი დაპატიმრება გააპროტესტეს.

„ეს არის პროვოკაცია და ეს არ არის პირველი შემთხევა. გოგი წულაია კი დაგეგმილი პროვოლაციის მსხვერპლი“.

„გოგი რომ მოძალადე ყოფილიყო, ის ჩვენი მეგობრი არ იქნებოდა. ამის მიზეზი გახდა მისი გამონათქვამი ბერას მიმართ, შეიძლება ის ყველას არ მოეწონა და არ იყო კარგი ნათქვამი, მაგრამ ამის გამო ადამინის ცოცხლად დამარხვა ძალიან ცუდია“, - აცხადებდნენ გლდანის ციხესთან მისული წულაიას მხარდამჭერები.

გოგი წულაია უკვე მეათე დღეა საპატიმროშია და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

თავდაპირველად საქმეზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით, წულაიას დაკავების ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციონერის მიერ ცნობილ პერფორმანსს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით. გიგა შუშანია არ გამორიცხავს, რომ წულაია პროვოკაციის მსხვერპლია და ის ბიძინა ივანიშვილის შვილის გინებისთვის უბრალოდ დასაჯეს.

„გაგინებ, მოდი და გამისწორდი“, - ასე მიმართა გოგი წულაიამ 11 მარტს ბერა ივანიშვილს, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუს.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG