Accessibility links

site logo site logo

პოზნერი და მისი თანმხლები პირები წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს


კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოსული 32 პირი. შსს-ს თანახმად, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლოებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორისაა პოზნერიც. გასულ ღამით, ვლადიმირ პოზნერი და მისი სტუმრები გარეთ იმყოფებოდნენ „კომენდანტის საათის“ დროს. მსგავსი დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათასი ლარია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 32 პირი სასტუმრო „რუმსს“ და „ვინოტელს“ შორის გადაადგილების გამო დააჯარიმეს.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. 31 მარტს, საქართველოში მის ჩამოსვლას მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევის უფლება მისცეს.

გასულ ღამით აქციები გაიმართა „ვინოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ და სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვახშმის შემდეგ მივიდნენ. ორივე ადგილას პოლიცია იყო მობილიზებული. შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, „ვინოტელი“ 10 000 ლარით დააჯარიმეს.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

საპროტესტო აქციების გამო, პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისის დღეს დილით დატოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG