Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრილოვი პოზნერის გაძევებაზე: ესაა რადიკალური ოპოზიციის გაცნობიერებული პროვოკაცია


რუსთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის თბილისიდან პროტესტით გაძევება არის რადიკალური ოპოზიციის შეგნებული პროვოკაცია.

„პოზნერის შემთხვევა სერიოზული პოლიტიკური დემარშია. და მისი ფიგურა შემთხვევით არაა არჩეული, რადგან ის ფართოდაა ცნობილი რუსეთში, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს არის გაცნობიერებული პროვოკაცია, რომელიც ურტყამს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნისა, რაც მოიცავს სტუმრის უსაფრთხოებას. ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა დაანახოს ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ესაა გაცნობიერებულად „ორივე ფეხში სროლა“ იმისათვის, რომ დასუსტდეს ხელისუფლება, ეკონომიკა“, - ეუბნება რუსულ სააგენტო ТАСС-ს გავრილოვი, რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე.

გავრილოვის სიტყვებით, პოზნერის ვიზიტი მიუთითებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებასა და რაციონალურად მოაზროვნე ქვეყნის ხელისუფლებას სურს აღადგინოს კეთილი ურთიერთობები რუსეთთან.

„მაგრამ აგრესიული, რადიკალური უმცირესობა, რომელიც დასავლური წრეების ინსტრუმენტს წარმოადგენს, აშანტაჟებს ხელისუფლებას, აწყობს პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაწყვეტილ მდგომარეობაში“, - ამბობს გავრილოვი.

2019 წელს სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება „გავრილოვის ღამის“ სახელით ცნობილი მოვლენები. გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რამაც ქართული საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის დელეგაციამ საქართველო დროზე ადრე დატოვა ხალხმრავალი პროტესტის ფონზე, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

რუსეთის სახელმიწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის სახე, ვეტერანი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოვიდა 31 მარტს, საკუთარი 87 წლის იუბილის გადასახდელად. თბილისში მას პროტესტით დახვდნენ, წარსულში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. პოზნერის აზრით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასოდეს იქნება. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის უფლება მისცეს. ამასთან, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები, ასევე, სასტუმრო, რომელშიც ისინი ვახშმობდნენ, დააჯარიმეს.

თბილისში აპროტესტებენ რუსი ჟურნალისტის ჩამოსვლას
please wait

No media source currently available

0:00 0:00:25 0:00

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, რაც ვერ გახდებოდა მისი ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი. უწყების ინფორმაციით, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხიც.

საბოლოოდ, პირველ აპრილს, საკუთარ დაბადების დღეს, ვლადიმირ პოზნერსა და მის მეგობრებს რუსეთში დაბრუნება მოუწიათ, საპროტესტო აქციის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG