Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა მამა ათინოგენს არქიმანდრიტის ხარისხი ჩამოართვა


ჭყონდიდის ეპარქიაში ახლად მივლენილმა ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) 4 სასულიერო პირს ჩამოართვა მღვდელმოქმედების უფლება, მამა ათინოგენს (მდივანი) კი არქიმანდრიტის ხარისხი.

როგორც ეპისკოპოსმა სტეფანემ განაცხადა, ამ ხარისხის უკან დაბრუნებას სასულიერო პირი უკვე ვეღარ შეძლებს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. მიზეზად კი მათი მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობა და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელი დაასახელა.

მიტროპოლიტის განცხადებითვე, არქიმანდრიტ ათინოგენს მანამდეც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესის საწინააღმდეგო ქმედებებს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი (მდივანი). ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი), დიაკონ ანანიას (კალანდიას). საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედების უფლებების დაბრუნებისა. ხოლო რაც შეეხება მონაზონ ათინოგენს, მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს, მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს“, - განაცხადა ეპისკოპოსმა სტეფანემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას.

ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, რამდენიმე ბრძანება გამოსცა, რომელიც იმ სასულიერო პირების დასჯას ითვალისწინებს, ვისაც თავისი წინამორბედის, მეუფე პეტრეს მხარდამჭერებად თვლის.

29 მარტის განკარგულებით, მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა (ბოლქვაძე) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან. მას ჩამოერთვა ზიარების უფლებაც. იგივე სასჯელი „ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის გამო“ დაეკისრა კიდევ 10 სასულიერო პირს.

ჭყონდიდის ეპარქიაში კონფლიქტის მიზეზი ისაა, რომ სასულიერო პირების ნაწილი მეუფე პეტრე ცაავას მიმართ სინოდის მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ მას ისე შეუჩერეს მღვდელმთავრის უფლებამოსილება, რომ არ მისცეს საშუალება დაემტკიცებინა თავისი სიმართლე საეკლესიო სასამართლოზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG