Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ენგურის გადმოკვეთისას 3 მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს


ენგურის ხიდი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს:


"აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას. წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ, რასაც არაერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა საკითხი დასვას უმაღლეს დონეზე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში. სამინისტრო იუწყება, რომ დღევანდელი ტრაგიკული ფაქტი უკვე განხილულ იქნა მინისტრის შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, საქმის კურსში არიან ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების ინფორმირება.

დღეს მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან ამოიტანეს სამი მოქალაქის ცხედარი. სავარაუდოდ, დაკარგულია კიდევ ერთი. შამგონა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებს, სიდას და თაგილონს ესაზღვრება.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გადაცურვით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG