Accessibility links

site logo site logo

რეგულაციების გამკაცრება VS შეზღუდვების დაწესება


ბოლო ორი კვირაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება. იმატებს, როგორც COVID19-ის ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი, ასევე გაზრდილია ვირუსის რეპროდუქციული რიცხვი, ანუ გადადების ინდიკატორი, რაც დღის წესრიგში აყენებს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობას.

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები არც იმას გამორიცხავენ, რომ თუკი რეგულაციების დაცვისა და კონტროლის ფონზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შესაძლოა, პირველ ეტაპზე, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაც გახდეს საჭირო. ხელისუფლება ე.წ. მესამე ლოკდაუნის გამოცხადების პერსპექტივაზე, ჯერჯერობით, არ ლაპარაკობს, თუმცა, სულ უფრო და უფრო მატულობს გზავნილები იმის შესახებ, რომ ეპიდვითარება რთულდება.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელმა 6 აპრილს 3%-ს გადააჭარბა. საქართველოში კორონავირუსის 897 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 26 იანვრის შემდეგ, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იყო.

ბოლო დღეებია, საქართველოში, COVID19-ის დადებითობის მაჩვენებელი 2-დან 3%-მდე მერყეობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუკი ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის 14 დღის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება, მთავრობას აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოუწევს ფიქრი. თუმცა, რა ტიპის „შემზღუდავ ღონისძიებებზეა“ ლაპარაკი, ეს, ამ ეტაპზე, არ კონკრეტდება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი კვირის დადებითობის საშუალო მაჩვენებელმა ქვეყანაში 1,98%-ს მიაღწია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით დღევანდელ ვითარება ჰგავს გასული წლის სექტემბრის მდგომარეობას, როდესაც ქვეყანა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღაში შევიდა. ის ამბობს, რომ დღეს ქვეყანა „მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე“ იმყოფება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ინტენსივობის ზრდის შემთხვევაში, ზომების გამკაცრება გახდება საჭირო: „ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების“. ამ ზომების თავიდან აცილების ერთ-ერთ გზად, ამირან გამყრელიძეს ქვეყანაში დღეს მოქმედი რეგულაციების გამკაცრება მიაჩნია.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გასული წლის 28 ნოემბერს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნა თებერვლიდან, ეტაპობრივად დაიწყო. ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, ფიტნეს-ცენტრები. სასწავლო პროცესმა ონლაინ-სივრციდან სკოლებში გადაინაცვლა. ნაწილობრივ გაიხსნა საკვები ობიექტები. პირველი აპრილიდან აღდგა გასართობი დაწესებულებების საქმიანობა. გაიხსნა თეატრები. 8 აპრილიდან მიიღებენ მაყურებლებს კინოდარბაზებიც.

რა რეგულაციები მოქმედებს დღეს ქვეყანაში? - როგორ ვიქცევით სხვადასხვა სივრცეში

თუმცა, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, ყველა დაწესებულება თუ საჯარო სივრცე, ვალდებულია მუშაობა განაახლოს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული მკაცრი რეგულაციებით.

ამ რეგულაციების დარღვევისთვის, მაგალითად, სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის, იურიდიული პირებს 10 000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო ფიზიკურ პირებს 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა ეკისრებათ. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

რეგულაციების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად.

მაგალითად, 4 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის 7 სუბიექტი დაჯარიმდა. 4 ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს - 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. მათგან ერთს განმეორებითი სამართალდარღვევა დაუფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, კომენდანტის საათის მოქმედების დროს, ასზე მეტი პირის მონაწილეობით, სხვადასხვა დაწესებულებაში გასართობი ღონისძიებები და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდებოდა.

პირბადის ტარება

გასული წლის ივნისიდან პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში. ნოემბრის დასაწყისიდან, ეს წესი გავრცელდა ღია სივრცეებზეც. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 20 ლარით. იურიდიული პირი 500 ლარით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ქვეყანაში ნიღბის ტარების მაჩვენებელი, რომლის მაქსიმუმი რამდენიმე თვის წინ 71% იყო. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მაჩვენებელი 43%-იდან 51%-მდე ავიდა.

კვების ობიექტები

  • კვების ობიექტები შაბათ-კვირას კვლავ დახურულია.
  • კვირის დღეებში, კვების ობიექტებში, სრული ფართობის ყოველ 4 მ2 -ზე დაიშვება ერთი მომხმარებელი. მთელ სივრცეში დასაშვებია მაქსიმუმ 60 მომხმარებლის მიღება.
  • მაგიდებს შორის აუცილებლად უნდა იყოს დაცული 2-მეტრიანი დისტანცია. ერთი მაგიდის გარშემო კი მხოლოდ 6 ადამიანი უნდა განთავსდეს.

ბავშვთა გასართობი ცენტრები

  • ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი აპრილიდან გაიხსნა.
  • მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4 მ2-ზე, დასაშვებია მხოლოდ ერთი მომხმარებელი. ერთ სივრცეში - არაუმეტეს 40 მომხმარებლისა;
  • მაგიდებს შორის დისტანცია 2 მეტრი;
  • ერთ მაგიდასთან დასაშვებია მხოლოდ 6 მომხმარებლის განთავსება;
  • ბავშვები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე არანაკლებ ერთმეტრიანი დისტანციით უნდა განთავსდნენ;
  • ყველა პირი ვალდებულია ცენტრში შესვლისას და გასართობ ღონისძიებაზე ყოფნისას, სივრცის ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

ფიტნეს-დარბაზები

  • სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6 მ2 ფართობზე დასაშვებია ერთი ვიზიტორი;
  • ყველა პირი ვალდებულია კლუბში შესვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა მაღალ ინტენსიური (კარდიო ვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური აქტივობა) ვარჯიშების შესრულებისას.
  • ჯგუფური ვარჯიშების დარბაზებში, დაშვებულია ვიზიტორების დაშვება უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მეტრი), მაგრამ ერთ ვარჯიშზე არაუმეტეს 10 ადამიანისა;

კინოდარბაზები

  • კინოდარბაზები პირველ მაყურებელს 8 აპრილიდან მიიღებენ;
  • კინოდარბაზში გვერდიგვერდ დასხდებიან მხოლოდ ოჯახის წევრები, მეგობრები და ა.შ. (მაქსიმუმ 3 ადამიანის შემადგენლობით);
  • მაყურებელთა სხვადასხვა ჯგუფს შორის ოთხივე მხრიდან იქნება დაცული დისტანცია.
  • კინოთეატრის სივრცესა და დარბაზში სავალდებულოა პირბადის ტარება;
  • დარბაზში პირბადის მოხსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პოპკორნის ჭამის დროს.

თეატრები

  • თეატრები მაყურებლისთვის პირველი აპრილიდან გაიხსნა.
  • მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილები იმდაგვარად უნდა გადანაწილდეს, რომ მოხდეს უსაფრთხო მანძილის დაცვა;
  • უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნების მიზნით მაყურებლები ერთი სავარძლის გამოტოვებით უნდა დასხდნენ;
  • ნიღბების ტარება სავალდებულოა;
  • ღონისძიების სრული ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს. ეს პერიოდი მოიცავს სტუმრის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების დროს;
  • ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე;
  • აკრძალეთ სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

სოციალური ღონისძიებები

შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);

უახლოეს პერიოდში გამკაცრდება სოციალური ღონისძიებების გამართვაზე რეგულაციები - სოციალური ღონისძიების გამართვისთვის, მათ შორის, დაბადების დღის, ქორწილის ან სხვა მიზნით, ფართის გაქირავებისთვის, გამქირავებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომლითაც აკრძალული იქნება ღონისძიებების გამართვა. გარდა ამისა, გამქირავებელი ვალდებული იქნება, თუ რეგულაციის დარღვევის შესახებ შეიტყობს, აცნობოს ინსპექციას.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში აკრძალულია, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის წვეულების, მათ შორის, ქორწილის გამართვაც, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, მათ შორის, მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები, ამ რეგულაციების პირობებში, მაინც ახერხებენ რესტორნებში წვეულებების გამართვას, რომლებსაც რიგ შემთხვევაში, რამდენიმე ასეული ადამიანიც კი ესწრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გვაქვს ინფიცირების 10 კლასტერი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გამოვლენილმა ეპიდაფეთქებებმა წარმოქმნა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ყველა ეს კლასტერი დაკავშირებულია დიდ სუფრებთან, ქორწილებთან, ჭირის სუფრებთან და დიდ შეკრებებთან“.

როგორც ჯანდაცვის სექტორის, ისე ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლების მოლოდინი, რომ ქვეყანას მესამე ლოკდაუნის შემთხვევაში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან თავის დაღწევა გაუჭირდება, დიდია. მიაჩნიათ, რომ თუკი ვირუსის მესამე ტალღა ქვეყანას ისეთივე სიმძლავრით დაარტყამს, როგორც ეს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა, შედეგი იქნება სავალალო, როგორც ადამიანური დანაკარგის, ისე ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით.

ამგვარი დანაკარგის თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი ხაზი, დარგის სპეციალისტების თქმით, დღეს არსებული რეგულაციების მკაცრ კონტროლზე გადის. ასე მიაჩნია ჯანდაცვის ექსპერტს ვატო სურგულაძესაც, რომელიც რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ახალი შეზღუდვები კი მაქსიმალურად უნდა იქნას აცილებული თავიდან:

„რამდენიმე დღის წინ სპეციალურად ჩავედი მეტროში, მაინტერესებდა სიტუაცია, როდესაც დავინახე ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნიღბის გარეშე და პოლიციელს ვკითხე, რატომ არ აძლევთ შენიშვნას-მეთქი, ხელი აიქნია. აი, ეს არის პრობლემა. როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, ხალხი ნიღაბს აღარ ატარებსო, ეს საკითხი ზუსტად რეგულაციების გამკაცრებით უნდა მოგვარდეს და არა ახალი შეზღუდვებით. ჩვენ თუ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით ლოკდაუნში, საქართველო შეიძლება ვეღარ გამოვიდეს ამ რთული სიტუაციიდან, ან გამოვიდეს ძალიან დიდი დანაკარგების ხარჯზე. ამიტომაც, მე მომხრე ვარ, რომ გამკაცრდეს რეგულაციები, მაგრამ ნებისმიერი გზით უნდა ავიცილოთ თავიდან ახალი შეზღუდვები. რეგულაციები ისე უნდა გამკაცრდეს, რომ ახალი შეზღუდვების დაწესება აღარ დაგვჭირდეს. ეს არის მართვა, ეს არის მენეჯმენტი. ჩაკეტვაზე ადვილი არ არაფერი არ არის. პოლიცია მხოლოდ მიტინგის დასაშლელი ძალა არ არის. პოლიცია უნდა ახორციელებდეს მუდმივ კონტროლს, იქნება ეს ქუჩა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, დაწესებულებები, რესტორნები და ა.შ. მე მომხრე ვარ მკაცრი დაჯარიმების და დახურვისაც კი, თუკი გაირკვევა, რომ რომელიმე დაწესებულება პრინციპულად არ ასრულებს რომელიმე რეგულაციას ყველა სოფელს ჰყავს თავისი რწმუნებული. როგორ დავიჯეროთ, რომ მათ არ იციან, რომ მათ სოფელში ხალხმრავალი ქორწილის სუფრა იშლება. დიახ, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რომ ამ ტიპის ღონისძიებები არ ჩატარდეს. ეს არის მუშაობა და კონტროლი. თუ ვამბობთ, რომ რესტორანში ერთ მაგიდაზე უნდა იჯდეს 6 კაცი, მაგიდაზე უნდა იჯდეს 6 კაცი და არა 60“.

ეპიდვითარების გაუარესების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა ვაქცინაციაა, თუმცა, საქართველოში, ვაქცინაციის დაგვიანებული და ნელი ტემპებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ეს გზა, ნაკლებ ეფექტურია. ვაქცინაციის შედეგი მხოლოდ მაშინ იქნება თვალსაჩინო, როდესაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც იქნება აცრილი. ამაზე მეტყველებს, ისრაელის მაგალითი, სადაც ინტენსიური ვაქცინაციის პროცესის შედეგად, 96%-ითაა შემცირებული ინფიცირების ახალი შემთხვევები, ქვეყანას 90%-ით ნაკლები დღიური კრიტიკული პაციენტები ჰყავს, ხოლო სიკვდილიანობამ 85%-ით იკლო.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 687 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2,48% შეადგინა.

7 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 14 207 ადამიანი. ვაქცინაციის გეგმის თანახმად, 2021 წლის მიწურულს, ქვეყანაში მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა იყოს აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG