Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წაუყენეს


საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წაუყენა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ექიმებსა და ექთანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს. ამ მუხლით 2-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

"ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ", - აღნიშნავენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ. თუმცა, გირაოს მოითხოვენ თუ პატიმრობას, დაკონკრეტებული არ არის.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის "ყველაფერი გაკეთდებოდა".

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG