Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგისთვის ადრენალინი არ გამიკეთებია - ექიმის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების შინაარსი


ვიოლეტა ინასარიძე მეგი ბაქრაძეს თერმოსკრინინგს უტარებს
ვიოლეტა ინასარიძე მეგი ბაქრაძეს თერმოსკრინინგს უტარებს

ექიმი, რომელსაც ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს, გამოძიებისათვის 25 მარტს მიცემულ მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის ნიშნები გამოუვლინდა, მისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.

ამით, ბრალდებული ვიოლეტა ინასარიძე, სრულად აბათილებს, როგორც გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებას, ისე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს, სადაც აცხადებდა, რომ მან საკუთარი ხელით გაუკეთა 28 წლის ექთანს ადრენალინი.

„მე მეგონა, რომ უბრალოდ რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი. ეს არის ჩვეულებრივი. შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია“, - ეს ვიოლეტა ინასარიძემ გამომძიებელს 25 მარტს, მეორე ჩვენებაში უთხრა.

გამომძიებლის კითხვაზე, „უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს?“, - ექიმი პასუხობს: „პრინციპში, არც არაფერი მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე“.

ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებები გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატმა გაასაჯაროვა.

ამონარიდი ექიმის მეორე ჩვენებიდან

ექიმი გამოძიებას უდასტურებს, რომ ექთნის სამედიცინო ისტორიაში, რომელიც ახალციხის კლინიკაში 18 მარტს გაიხსნა, განზრახ ჩაიწერა ცრუ ინფორმაცია ადრენალინის გაკეთების შესახებ. მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია სამედიცინო ისტორიაში "შიშის" გამო დაფიქსირდა:

გამომძიებელი: გაუკეთეთ თუ არა ადრენალინი?

ექიმი: არა, არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი.

გამომძიებელი: ადრენალინის გამოყენება მეგი ბაქრაძის შემთვევაში არ მიიჩნიეთ საჭიროდ?

ექიმი: არა, ნამდვილად არ იყო, ჩვეულებრივი რეაქცია იყო.

გამომძიებელი: სამედიცინო ისტორიაში შეტანილი იქნა თუ არა, რომ თქვენ გაუკეთეთ მას ადრენალინი?

ექიმი: დიახ.

გამომძიებელი: რა მიზანს ემსახურებოდა ის ფაქტი, რომ შეგედგინათ არასწორი სამედიცინო ისტორია და პირადად თქვენ რა მიზანი გამოძრავებდათ, როდესაც ხელს აწერდით არასწორად შევსებულ სამედიცინო ისტორიას?

ექიმი: ალბათ შიში, რომ აი, პასუხისმგებლობა, არ ვიცი.

გამომძიებელი: თქვენს გარდა, სამედიცინო ისტორიას ვინ მოაწერა ხელი?

ექიმი: მე, ბექა ლიპარტელიანმა [რეანიმატოლოგი, ბრალდებული] და ექთანმა შუბითიძემ.

გამომძიებელი: გიორგი აფციაური [რეანიმატოლოგი] თუ იყო ჩართული სამედიცინო ისტორიის შექმნის პროცესში?

ექიმი: დიახ.

გამომძიებელი: როდესაც მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიაში შეიტანეთ ჩანაწერი, რომ თითქოსდა პაციენტს გაუკეთეთ ადრენალინი, იცოდნენ თუ არა ბექა ლიპარტელიანმა, გიორგი აფციაურმა და თიკო შუბითიძემ, რომ რეალურად არ გქონდათ გაკეთებული ადრენალინი?

ექიმი: კი, შეგვეშინდა, რომ ანაფილაქსია იყო თუ არა, წესით უნდა გამეკეთებინა თუ ანაფილაქსიის ნიშნები იყო, მერე ხომ განუვითარდა რაღაც მაგდაგვარი.

გამომძიებელი: ანუ, თუკი მათთვისაც ცნობილი იყო, რომ თქვენ არ გქონდათ რეალურად ადრენალინი გაკეთებული, მათ რა მიზანი ჰქონდათ, მათ რატომ მოაწერეს ხელი?

ექიმი: შიში, პროტოკოლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო გაკეთებული თუ ეს ანაფილაქსიაა, მაშინვე.

გამომძიებელი: თიკო შუბითიძემ თუ იცოდა?

ექიმი: არა მგონია, იმიტომ, რომ ისე მოაწერა ხელი.

გამომძიებელი: გარდა იმ პირებისა, ვინც ჩამოთვალეთ, ვისთვის არის ცნობილი, რომ თქვენ არ გაგიკეთებიათ ადრენალინი მისთვის?

ექიმი: თეამ პრინციპში არ იცოდა, მე ვთხოვე, რომ თქვიო, რომ გავაკეთე.

ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული ექიმის მეორე ჩვენებიდან ირკვევა ისიც, რომ მას შემდეგ, მას შემდეგ, რაც მეგი ბაქრაძე შეუძლოდ გახდა, ექიმმა კლინიკა დატოვა, რადგან ვაქცინაციის შესახებ კონფერენციას უნდა დასწრებოდა, რომელიც ახალციხის გუბერნიის შენობაში ტარდებოდა:

„მორალურად ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი, როდესაც დავტოვე პაციენტი, მაგრამ ამასთან მინდა განვმარტო, რომ მე არ წავსულვარ პირად საქმეზე. წავედი ისევ კოვიდ ვაქცინაციის საკითხზე ცოდნის გაღრმავების მიზნით...ხოლო, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მე არ მახსენდება პროტოკოლი ან სხვა რომელიმე ოფიციალური დოკუმენტი არეგულირებდეს საკითხს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს შემთხვევაში ოჯახის ექიმი, რომელიც იმუნიზაციის პროცესს ხელმძღვანელობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბექა [ლიპარტელიანი] არის ის სუბიექტი, რომელსაც აქვს მსგავსი ტიპის პაციენტების მდგომარეობის მართვის კვალიფიკაცია, შესაბამისად, სწორედ მას დავუტოვე პაციენტი, ამასთან წამოსვლამდე დავრწმუნდი, რომ მეგი უკეთ იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი წამოსვლიდან მალევე განუვითარდა მორიგი გართულება“...

გამომძიებლის კითხვაზე, თუ რატომ არ დააფიქსირა ექიმმა პირველი გამოკითხვისას, რომ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მან პაციენტი დატოვა და ტრენინგზე წავიდა, ექიმი პასუხობს:

„მოგახსენებთ, რომ ამ დაღლილობაში, სტრესში, ნერვიულობაში, გამომრჩა, ამასთან ვიკითხებოდი მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო დღეს, როდესაც ცოტა გავიაზრე ჩემს მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ არ შემეყვანა გამოძიება ჩიხში და მეთქვა ეს მნიშვნელოვანი გარემოება“.

ექიმის ინფორმაციით, ის კონფერენციაზე წავიდა გიორგი აფციაურთან [რეანიმატოლოგი] და მაია ზაზაძესთან [მედპერსონალი] ერთად. კონფერენციაზე ისინი გიორგი აფციაურის ავტომობილით წავიდნენ:

გამომძიებელი: გზა რა დრო დაგჭირდათ?

ექიმი: მანდვეა, ორი კილომეტრი დაახლოებით.

გამომძიებელი: ვინები შეხვედით გუბერნიის შენობაში?

ექიმი: მე და მაია ზაზაძე, მაგრამ მაშინვე დავბრუნდი, იმიტომ, რომ ვნერვიულობდი მეგიზე, ვრეკავდი და რომ დავურეკე ჩემს ექთანს, თეას, მითხრა, რომ სიტუაცია ცოტა გართულდა.

გამომძიებელი: გიორგიც შემოგყვათ?

ექიმი: არა, გიორგის დაურეკა ბექამ და უთხრა, რომ სასწრაფოდ წამოდიო და წავიდა უკან მაშინვე,

გამომძიებელი: რამდენ ხანში დაბრუნდით უკან?

ექიმი: ძალიან მალე, 5-10 წუთში.

ამონარიდი ვიოლეტა ინასარიძის პირველი ჩვენებიდან

ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული ექიმის პირველი ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას 24 მარტს მისცა, რადიკალურად განსხვავდება მეორე ჩვენებისგან. ექიმი გამომძიებელს დეტალურად უყვება იმის შესახებ, თუ როგორ და რა დროს გაუკეთა მეგი ბაქრაძეს ადრენალინი:

„მეგი ბაქრაძის შემთხვევაში ანტიჰისტამინები იყო გამოყენებული, მაგრამ არა როგორც თავდაპირველი ან მკურნალობის ძირითადი საშუალება, ძირითადი და უპირველესი გახლდათ ადრენალინი, რომელიც მე თვითონ გავუკეთე პირველმა პაციენტს...მოგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძეს ჩემს მიერ გაუკეთდა ადრენალინის 0,5 მლ დოზა ანაფილაქსიური შოკის დადგომისთანავე კუნთში“.

გამომძიებლის კითხვაზე, ხომ არ გაიმეორეს ეპინეფრინის [ადრენალინის]დოზები? რა პერიოდულობით და რამდენჯერ, ექიმი პასუხობს:

„როგორც ვიცი, პაციენტს რამდენჯერმე გაუკეთდა ადრენალინი, თუმცა, რამდენჯერ, ჩემთვის უცნობია. მე ადრენალინი მეგის კუნთზე გავუკეთე მაშინვე, როდესაც პირველივე სიმპტომი დავინახე და არ დავლოდებივარ კრუნჩხვის ან სხვა სიმპტომების გამოვლენას. როდესაც ადრენალინი გავუკეთე, იმ დროს მეგი იყო კონტაქტური. ვინაიდან ახალი ვაქცინა იყო და მასზე არ გვქონდა რაიმე ინფორმაცია, პროტოკოლის შესაბამისად, პირველივე გამოვლენიდან უნდა გაგვეკეთებინა ადრენალინი, შესაბამისად, ჩემს მიერ დაცული იქნა ეს პრინციპი და მას შევუყვანე ადრენალინი“.

7 აპრილს, საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით ორ ექიმს და ერთ ექთანს ბრალი წაუყენა. განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, ვკითხულობთ:

"მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა".

ექიმებსა და ექთანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს. ამ მუხლით 2-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხელი მედდის საქმეზე სამივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, 3000-3000 ლარი. ბრალდების მხარე 5000-5000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა.

სასამართლო პროცესი 31 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის "ყველაფერი გაკეთდებოდა".

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ჯერ არ დასრულებულა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 29 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები: "ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები".

მედდის გარდაცვალების საქმეზე არ გამოქვეყნებულა არც სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გრძელდება მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროსთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ გუნდმა, რომელიც გარდაცვლილი ექთნის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც თამარ გაბუნიამ 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება საექიმო შეცდომა.

„ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევით, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, გავაგრძელოთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მუშაობა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG