Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამოხვანში ჯერ ისევ ეძებენ ახალგაზრდა კაცს, რომელიც რიონში გადახტა


ნამოხვანი
ნამოხვანი

ჯერ ისევ უშედეგოდ მიმდინარეობს იმ 30 წლამდე მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელიც 10 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა. ოფიციალური ინფორმაციით, პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია დამატებითი ძალები.

„პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით“ - იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

„რიონის ხეობის მცველმა“ მარიტა მუსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდა კაცი ხეობის მცველებს ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მეგობართან ერთად შეუერთდა. მდინარეში ის მოულოდნელად გადახტა მას შემდეგ, რაც ნაპირზე მასთან ერთად მდგომ კიდევ ერთ მამაკაცს ტელეფონი გადასცა და სთხოვა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა.

„რამდენიმე ადამიანი შევიდა წყალში და ეხვეწებოდნენ გამოდიო. პოლიციაც ხედავდა და ამდენი ხალხი ეუბნებოდა აქეთ გამოცურეო. ის მაინც მიცურავდა და წყალმა წაიღო“, - უთხრა მარიტა მუსელიანმა რადიო თავისუფლებას.

უცნობია, როგორ შეძლო მამაკაცმა ნამოხვანში ჩასვლა. ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ პირებს, რომლებიც, მათი აზრით, შესაძლოა ხეობის მცველ აქტივისტებს შეუერთდნენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 167 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

კომპანიამ გასული წლის ზაფხულიდან რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა და მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე აშენებულია 500 ადამიანზე გათვლილი დროებითი ბანაკი, დაწყებულია ბეტონის ქარხნის და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზებისა და ხიდების მშენებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG