Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინი: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის განახლებაზე საუბარი ნაადრევია


გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ახლადარჩეული თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის განახლებაზე საუბარი ნაადრევია.

გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, კარასინი იხსენებს პოზნერთან დაკავშირებულ შემთხვევას, რომელსაც უმსგავსო ინციდენტს უწოდებს. კარასინის განცხადებით, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს გაურკვევლობას მატებენ „რადიკალური მყვირალები საქართველოში“. კარასინის თანახმად, სასიხარულო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან დაბალანსებული და დამგმობი განცხადების მოსმენა.

"კომერსანტის" შეკითხვას, ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ისევ იქნება, თუ არა პასუხისმგებელი საქართველოსთან მოლაპარაკებებზე, გრიგორი კარასინმა უპასუხა, რომ მისთვის არავის მოუხსნია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან კონტაქტების გაგრძელების დავალება.

„ჩვენ ამ ერთობლივ სამუშაოს ვაწარმოებთ 2012 წლიდან და მას მოაქვს პრაქტიკული შედეგები რიგ მნიშვნელოვან სფეროში. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის და თავად საქართველოში ხისტი შიდაპოლიტკური ბრძოლის პირობებში, დრო და დრო ძალიან რთულია. პანდემიამ არ მოგვცა 2020 წელს პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ მუშაობას ონლაინ-ფორმატით ვაგრძელებთ და ისევ გვაქვს პირადი შეხვედრის იმედი“, - განაცხადა კარასინმა.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს. რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაახლოებით ორი კვირის წინ, როცა თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა კრემლის პროპაგანდისტად მიჩნეული ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისევ განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათო ქვეყანაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG