Accessibility links

site logo site logo

ნამოხვანში ადგილი, სადაც "რიონის მცველების" კარვები იდგა, ტრაქტორით დაამუშავეს


"კარვების დარბევა ვანდალურად მოხდა, დაგვიჭრეს, გააფუჭეს ჩვენი ინვენტარი და, როგორც ვიცით, პოლიციის შენობასთან ყრია. წაღებულია, დაბრუნებული არ არის და, რაც მთავარია, ის ადგილი, სადაც კარვები იდგა, ტრაქტორით გადახნეს. ამ მიწის მეპატრონე, ლალი ეფრემიძე, ვინც არის, ზის და ტირის - ამ მიწას ოჯახი ამუშავებდა და სარჩო-საბადებელს იღებდა აქედან, მთლიანად გადააბრუნა ტრაქტორმა. გულწრფელად მიკვირს, როგორ ფიქრობენ, რომ ამ პროტესტს ასე რეპრესიულად ჩაახშობენ", - უთხრა რადიო თავისუფლებას "რიონის ხეობის მცველმა", ვარლამ გოლეთიანმა. მან მას შემდეგ, რაც ნამოხვანში პოლიციამ აქტივისტების კარვები აიღო, ღამე სოფელ გუმათში მდებარე კარავში გაათია, თუმცა თვლის, რომ მათი პროტესტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, კვლავ ნამახვანში დაბრუნდნენ და იქ მიეცეთ კარვების გაშლის საშუალება. ადგილი, სადაც კარვები იდგა, ტრაქტორით დაამუშავეს და იქ ახლა მათი გაშლა შეუძლებელია. ლალი ეფრემიძის მიწის ნაკვეთი, რომელიც დაახლოებით 3000 კვადრატული მეტრია, თვეების განმავლობაში იყო სახალხო წინააღმდეგობის ადგილი - ეს ნაკვეთი ერთ-ერთი კერძო საკუთრებაა ხეობაში, რომელიც ინვესტორს ნაყიდი არ აქვს.ის სადაო ტერიტორიად ითვლება, რომელსაც მეპატრონე ვერ ირეგისტირებს, მაგრამ არც კომპანიაზე ყიდის. სწორედ ამის გამო იდგა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა და მათი მხარდამჭერების კარვები ამ ტერიტორიაზე.

პოლიცია კვლავ დგას იმ ადგილას, სადაც კარვები იდგა
პოლიცია კვლავ დგას იმ ადგილას, სადაც კარვები იდგა

ადგილობრივი მოსახლეების პირდაპირ ჩართვებში ფეისბუკზე კარგად ჩანს ტრაქტორი, რომელიც ჯერ ისევ მუშაობს და ტერიტორია, სადაც კარვები იდგა, როგორ არის დამუშავებული.

ხეობაში ამ დრომდე შეზღუდულია გადაადგილება - გუმათთან პოლიცია ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას გეგმავს. დღეს "რიონის ხეობის მცველების" მხარდასაჭერი აქცია იგეგმებოდა თბილისში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით პროტესტის ადგილად რჩება ხეობა და აქციის გამართვაც გუმათში ან ნამოხვანშია მოსალოდნელი.

სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG