Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ჩინეთის განცხადება ეხებოდა არა "სინოფარმის", არამედ "სინოვაკის" ვაქცინას


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარი ჩინური ვაქცინების დაბალი ეფექტიანობის შესახებ ეხებოდა არა „სინოფარმის“, არამედ „სინოვაკის“ ვაქცინას და მედიასაშაუალებებში არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამყრელიძემ თქვა, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა „სონოვაკის“ ვაქცინის 51%-იანი ეფექტიანობა, ხოლო თავად ჩინეთში, ასევე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში - 70%-მდე.

რაც შეეხება საქართველოს მიერ შეძენილ „სინოფარმის“ ვაქცინას, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სხვადასხვა კვლევით, მისი ეფექტიანობა მერყეობს 79-86%-ის ფარგლებში.

გამყრელიძის განმარტებით, მსოფლიოში დღეს არსებული ჩინური თუ ნებისმიერი სხვა ვაქცინა გამოიყენება გადაუდებელი მდგომარეობის, ანუ პანდემიის გამო და მათი დაცვის ეფექტი სხვადასხვაა, თუმცა, ყველა მათგანი ჯდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული 50%-იანი ზღვრის ფარგლებში და ყოველ მეორე ადამიანს იცავს გართულებებისა და სიკვდილისგან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში დღეს არსებული არცერთი ვაქცინა, მათ შორის, „ფაიზერი“, „მოდერნა“ თუ „ასტრაზენეკა“ დაინფიცირებისგან 100%-ით არ იცავს, მაგრამ თითქმის ერთნაირად იცავენ სასიკვდილო გართულებებისა და ფატალური შედეგისგან:

"აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გუშინ გამოთქმული მოსაზრებები სწორად არ იქნა ინტერპრეტირებული და ამიტომ, საჭიროა განმარტებები და მოსახლეობა დავამშვიდოთ, რომ ამ საკითხში, რასაც ქვეყანა მომავალი თვის განმავლობაში განახორციელებს, იგივე ჩინური ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვართ, რომ მას ექნება მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალი დაცვითი ეფექტი".

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან აღიარებას ელოდებიან აპრილის ბოლო დეკადაში. შეკითხვას, რას მოიმოქმედებს საქართველო, თუ „სინოფარმის“ ვაქცინა ავტორიზაციას ვერ მიიღებს, გამყრელიძემ უპასუხა, რომ საქართველოს დღესაც აქვს ვაქცინის გამოყენების ლეგალური საფუძველი, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას იმუნიზაციის საბჭო მიიღებს.

საქართველოს შეძენილი აქვს "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა, თუმცა, მისი გამოყენება ჯერჯერობით არ დაუწყია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელოდებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ამ ვაქცინის ავტორიზაციას. გარდა ამისა, ჩინეთმა გადაწყვიტა, საქართველოს საჩუქრად გადასცეს "სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა.

XS
SM
MD
LG