Accessibility links

site logo site logo

მთავრობის წარმომადგენელი საუბრობს, შეჩერდება თუ არა "ნამახვანჰესის" მშენებლობა


მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი "რიონის ხეობის მცველებთან" შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მათ "ნამახვანჰესის" მშენებლობის პროცესებში ჩართავენ.

"შედგა მოლაპარაკება. შეხვედრა იყო კონსტრუქციული, აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იქნა რიგი საკითხები, რომელიც აწუხებთ მათ. არ არის ერთი და ორი საკითხი. ამას სჭირდება სპეციალისტების პასუხი. მე მათ აღვუთქვი, რომ ეს მათი ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. ყველა კითხვას ავიტან პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან და მე მათ პირობა მივეცი, რომ ყველა პასუხი იქნება დაკმაყოფილებული", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა შეჩერდეს ჰესების მშენებლობა, მან ასე უპასუხა:

"მე დავუფიქსირე პოზიცია, რაც არის ჩვენი მთავრობის პოზიცია, ნებისმიერი პროექტი, ეს იქნება ინფრასტრუქტურული, ჰესების მშენებლობა თუ სხვა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს, ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან იყო ჰიპოთეტური შეკითხვა, და ამაზე მიიღეს ანალოგიური პასუხი".

შეხვედრის დასრულების შემდეგ რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, მარიტა მუსელიანმა თქვა, რომ პირველად დაიშვა შესაძლებლობა, რომ ჰესი არ აშენდეს.

"დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა, მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ეს პირველად გავიგე. რამდენჯერმე გაიმეორეს, თორემ ერთხელ ნათქვამი შეიძლება არ დამეჯერა... ჩვენი პრინციპული მოსაზრება იყო, რომ აუცილებელია ყველა ტრაქტორი შეჩერდეს, რაც იქ არის - ეს დაკავშირებულია გზასთან, ხიდთან თუ რაღაცასთან. ამდენი ხანი რასაც ერქვა მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის გზა, ჩვენთვის არის ძალიან პრინციპული", - თქვა მან.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დიალოგის გასაგრძელებლად სამ პირობას უყენებენ: გამოვიდნენ საპროტესტო ადგილიდან პოლიციელები, შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და დააბრუნონ კარვები საპროტესტო ადგილებზე.

ნამახვანჰესის პროტესტი რამდენიმე დღეა გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

"ნამოხვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG