Accessibility links

site logo site logo

„რიონის ხეობის მცველები“: მთავრობა არ ასრულებს ჩვენს მოთხოვნებს, აქციები გაგრძელდება


მთავრობა არ ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს და ვითარების ხელოვნურ დეესკალაციას ცდილობს - აცხადებენ „რიონის ხეობის მცველები“, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების საპასუხოდ.

„განცხადებაში ვნახეთ ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა, უგულებელყოს პროტესტის ორგანიზატორების მოთხოვნები. მთავრობის განცხადება აჩვენებს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ... ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჰესი ყველა ვარიანტში აშენდება და ცდილობენ ვექტორის გადატანას იმისთვის, რომ მოხდეს პროტესტის არა ბუნევრივი, არამედ ხელოვნური დეესკალაცია“ - განაცხადა საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ.

„რიონის ხეობის მცველები“ საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ. პროტესტის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს საპროტესტო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „რიონის ხეობის მცველების“ მიმართ სოლიდარობის ნიშნად, 24 აპრილს აქცია პანკისის ხეობაშიც გაიმართება.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები
საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები

რიონის ხეობის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, 23 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება და აქციები დედაქალაქში პერმანენტულ სახეს მიიღებს.

24 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება „რიონის ხეობის მცველების“ მიერ წამოყენებული მოთხოვნების საპასუხოდ.

ტექსტში ვკითხულობთ, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვით და პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიქირაოს საერთაშორისო იურიდიულ კომპანია, რომელიც შეისწავლის "კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას". ასევე, მთავრობა აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან" და "კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში".

რიონის მცველებმა, რომლებსაც კარვები ამჟამად სოფელ გუმათში აქვთ გაშლილი და სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლება არ ეძლევათ, 23 აპრილს ოთხი მთავარი მოთხოვნა გამოაქვეყნეს:

1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სოფელ გუმათიდან იტყობინება, რომ „რიონის ხეობის მცველები“ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ გეგმებზე ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG