Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სინოფარმით" აცრებზე ადგილების 56% დაჯავშნილია: სად არის შესაძლებელი რეგისტრაცია და სად - აღარ


საქართველოში "სინოფარმით" საყოველთაო ვაქცინაცია (18 წელს გადაცილებული პირებისთვის) რამდენიმე დღეში იწყება, თუმცა 74 კლინიკიდან 28-ში თავისუფალი ადგილი დარჩენილი არ არის.

რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო, 30 აპრილის 15:00 საათის მონაცემებით კი 27 900-მდე ადგილიდან 15 600-მდე უკვე დაჯავშნილია. ადგილები, ძირითადად, დარჩენილია რეგიონებში. მონაცემები რადიო თავისუფლებამ booking.moh.gov.ge-ზე ჯავშნებისა და თავისუფალი ადგილების მიხედვით დათვალა.

რეგიონებიდან ყველა ადგილი დაჯავშნილი მხოლოდ თბილისშია - 8100-ზე მეტი ადგილი რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში შეივსო. ამ ეტაპზე რეგისტრაცია შეუძლებელია ბათუმში (შევსებულია 720 ადგილი), მცხეთასა (378) და დუშეთში (252), გორსა (378) და კასპში (180). ადგილები არ არის ქვემო ქართლის სამ ქალაქში რუსთავში (756), მარნეულსა (252) და გარდაბანში (252). სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში კი ათეულობით ადგილებია.

არის ისეთი დასახლებული პუნქტებიც, სადაც ამ დრომდე (30 აპრილის 15:00 საათი) არცერთი ადგილი არ არის დაჯავშნილი: შუახევში 378 ადგილია, ლენტეხში 252, ახალქალაქში კი 378.

რეგიონებიდან ყველაზე დაბალი აქტივობა სამცხე-ჯავახეთშია. 1728 ადგილიდან დაჯავშნილია მხოლოდ 106.

დაჯავშნილი ადგილების წილი რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი - 100%;
  • ქვემო ქართლი - 76,2%;
  • შიდა ქართლი - 75,1%;
  • მცხეთა-მთიანეთი - 70,6;
  • კახეთი - 51,9%
  • აჭარა - 38,8%;
  • გურია - 29,1%;
  • იმერეთი - 24,5%;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 10,3%;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6,7%;
  • სამცხე-ჯავახეთი - 6,1%.

როდის დაიწყება "სინოფარმით" ვაქცინაციაზე შემდეგი ეტაპის რეგისტრაცია, ჯერ უცნობია. ამ ეტაპისთვის კლინიკებში 25 მაისის ჩათვლით არის ადგილები დაჯავშნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG