Accessibility links

site logo site logo

ვაშაძე მიიჩნევს, რომ ენმ-ის კანდიდატის მხარდაჭერა მერის არჩევნებში მარცხის ფორმულაა


გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის დაყენება „მარცხის ფორმულაა“ და მას მხარს არ უჭერს.

„მე მინდა გამარჯვების ფორმულა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის თქმითაც, „მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში არჩევნებზე, სამწუხაროდ, ბიძინა იმარჯვებს“ და ამიტომ საჭიროა შეიქმნას მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც არჩევნებზე თავის კანდიდატს წარადგენს.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს იმასაც, რომ არ აპირებს თავისი კანდიდატურის დაყენებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მის გუნდს ამ საკითხზე სხვა პოზიცია ჰქონდეს:

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მძლავრ, საერთო კანდიდატზე ვიფიქროთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ 30 აპრილს მედიასთან ოპოზიციის კონსულტაციების დაწყების წინ.

თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად ნიკა მელიას კანდიდატურის წარდგენის ინიციატივით ერთ-ერთი პირველი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, გიგი უგულავა გამოვიდა.

„ჩემი აზრით, დადგა დრო, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო“, - წერდა გიგი უგულავა. ფართო კონსულტაციები ამ საკითხზე ოპოზიციის რიგებში ჯერჯერობით არ დაწყებულა. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG