Accessibility links

site logo site logo

ბრიტანეთის ყოფილმა მზვერავმა FBI-ს ტრამპის შესახებ ახალი დოსიე გადასცა


ბრიტანეთის ყოფილმა მზვერავმა, ქრისტოფერ სტილმა, რომელიც ავტორია კრემლისა და აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავარაუდო გარიგების შესახებ ანგარიშისა, გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მეორე ასეთი დოკუმენტიც წარუდგინა - უკვე ტრამპის მმართველობის პერიოდში. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.

სტილის პირველი დოკუმენტი მოიცავს 2016 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდს. The Telegraph-ის მოსაუბრეები მიიჩნევენ, რომ ყოფილ მზვერავს FBI-სთან კონტაქტი ჰქონდა ტრამპის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგაც.

წყაროების თანახმად, მეორე დოკუმენტი შეიცავს ახალ განცხადებებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ და ტრამპის მაკომპრომეტირებელ ვიდეოჩანაწერებს. გარდა ამისა, დოსიეში შესაძლოა იყოს ინფორმაცია ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის კონტაქტებზე მოსკოვთან.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ახალი დოსიე შეიცავს დაუმუშავებელ სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც მოიპოვა სტილის კომპანია Orbis Business Intelligence-მა.

სტილის პირველი დოსიე 2017 წლის იანვარში გამოაქვეყნა გამოცემა BuzzFeed-მა. მასში ავტორი ამტკიცებდა, რომ დონალდ ტრამპს ბიზნესინტერესები ჰქონდა რუსეთში და რომ თითქოს რუსეთის სპეცსამსახურებს მასზე მაკომპრომეტირებელი მონაცემები მოეპოვებათ. Fox News-ი წერდა, რომ სტილი დოკუმენტის შედგენისას ემყარებოდა მონაცემებს, რომლებიც არ იყო რედაქტირებული.

სტილის პირველი დოკუმენტი საფუძვლად დაედო სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე. მიულერი მივიდა დასკვნამდე, რომ მოსკოვი მართლაც ცდილობდა ტრამპის დახმარებას. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებასა და ტრამპს შორის გარიგების ნიშნები არ აღმოუჩენიათ.

რუსეთი უარყოფს უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG