Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას ციხეში ხვდებიან


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ხვდებიან. მელიას უკვე შეხვდა თანაპარტიელი კობა ნაყოფია და "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, თამარ კორძაია.

"ნიკას დამოკიდებულება ამნისტიასთან დაკავშირებით იცით კარგად. ნიკას გამოსაშვებად არც მისი თანხმობაა საჭირო, არც სხვა რამე. როგორც იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ასევე შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება... იციან წინასწარ მისი პოზიცია ამ ამნისტიასთან დაკავშირებით და მის თანხმობას ითხოვენ..." - თქვა კობა ნაყოფიამ შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას და პარლამენტში შესვლას იმ დრომდე, სანამ ნიკა მელია საპატიმროში იქნება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.

პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად არის გადაიხადოს მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი. ამ გირაოს გადახდაზე მელია უარს აცხადებდა.

XS
SM
MD
LG