Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია წნორში - მოსახლეობა ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მათ საძოვრებს ყიდის


სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის თემს მიერთებული ორი სოფლის, კვენაკელისა და ასანურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტრომ ის მიწის ნაკვეთები, რომელსაც მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში საძოვრად იყენებდა, გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მათი ინფორმაციით, საერთო ჯამში ლაპარაკია ორ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაახლოებით 90 ჰექტარს შეადგენს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის გამოცხადებამდე მიწის ნაკვეთებს საძოვრის სტატუსი სახნავ-სათესით შეუცვალა და ტერიტორიებს ყიდის, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისას.

ადგილობრივები მოითხოვენ, რომ აუქციონი გაუქმდეს და მათ საძოვრებით სარგებლობის უფლება მიეცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გახდებიან საქონელი გაყიდონ, რაც მათი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენას გამოიწვევს.

აქციაზე ისიც თქვეს, რომ მათ ახლახან სიღნაღის მერიას ოფიციალური წერილით მიმართეს და დახმარება ითხოვეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ წნორის მოსახლეობის სახელით მერიაში ე.წ მოხსენებითი ბარათია შესული, რომლის მიხედვითაც მესაქონლეები თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ იმაში, რომ მიწის ნაკვეთები არ გაიყიდოს და კვლავ დასახლების სარგებლობაში დარჩეს.

ბატიაშვილის თქმით, მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შუამავლის ფუნქციას შეასრულებს და მათ მოთხოვნას სამინისტროს გაუგზავნის, თუმცა გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო მათ მოთხოვნას, წინასწარ არ იციან.

დღეს წნორში აქციის მონაწილეებს შეხვდა პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. მან გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს მოუწოდა, უარი თქვან მოსახლეობის სარგებლობაში არსებული მიწების გაყიდვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG