Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმით“ აიცრა


ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ვაქცინაცია მან ხელვაჩაურში, კლინიკა „მედცენტრში“ ჩაიტარა.

„მოგეხსენებათ, სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და თავისთავად ეს ასეცაა სხვადასხვა ქვეყნებში. მაგრამ როცა ყოველდღიურად, გათენებისთანავე განიცდი მაგდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების დაღუპვას, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ესაა ერთადერთი შესაძლებლობა პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღე ლოცულობ და უფალს ევედრები გიხსნას სიკვდილისგან, მეტი ფიქრის დრო არ გაგაჩნია, ამითაც იყო გამოწვეული“, - განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ვაქცინაციის შემდეგ. მან სამედიცინო პერსონალს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტი დიმიტრი მაღალი იერარქიის პირველი სასულიერო პირია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა.

წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, გიორგი ჩაჩავა კი პირველი მართლმადიდებელი სასულიერი პირია, ვინც საქართველოში საჯაროდ აიცრა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 6 მაისს აიცრა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე სინოდმა 11 თებერვალს იმსჯელა. განჩინების მიხედვით, „ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს“.

"საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - ნათქვამია განჩინებაში.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი, 9535 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 549 შემთხვევა, 1439-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 10 მაისის მონაცემებით ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 62 447 აცრა. აქედან სრულად აცრილია 10 852 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG