Accessibility links

site logo site logo

"ლელო", სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი ფრაქციას ქმნიან


საქართველოს პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია იქმნება. ფრაქციას "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ერქმევა და მასში "ლელოს" სიით არჩეული დეპუტატების გარდა დამოუკიდებელი დეპუტატებიც იქნებიან. ფრაქციის შექმნაზე ერთობლივი ბრიფინგი პარლამენტში გაიმართა.

ფრაქციას შეუერთდნენ "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული სალომე სამადაშვილი და "ევროპული საქართველოს" სიით არჩეული შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.

"ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში; ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე; ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი იმ პერსპექტივით, რომ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენთაგანი იქნება იმის გარანტორი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის, რომლის ცხოვრებაც ასე გაუარესდა ბოლო 9 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, ხმა ვიყოთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში", - თქვა მამუკა ხაზარაძემ, "ლელოს საქართველოსთვის" პარტიის ლიდერმა და ახალი ფრაქციის წევრმა.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების დეპუტატების დიდმა ნაწილმა მას შემდეგ დაიწყეს მუშაობა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო საპარალამენტო საქმიანობის დაწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG