Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიღნაღის სოფლებში საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ


საპროტესტო აქცია გამართა დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - საქობოსა და მაშნაარის მოსახლეობამ. ადგილობრივების თქმით, ახლახან 250 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელსაც მანამდე საძოვრად იყენებდნენ, სახელმწიფომ სტატუსი შეუცვალა და სახნავ-სათესის კატეგორია მიანიჭა.

მოსახლეობა ეჭვობს, რომ მიწისთვის სტატუსის შეცვლის მიზეზია მომავალში მისი გასხვისება, რასაც არ დაუშვებენ.

ადგილობრივები პირველ რიგში სიღნაღის მერიისგან მოითხოვენ რეაგირებას და, ამავდროულად, ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებენ, არ გაასხვისონ ის ტერიტორიები, რომელსაც წლების განმავლობაში საქონლის გამოსაკვებად იყენებენ.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და 250 ჰა ტერიტორიას საძოვრის სტატუსი არ დაუბრუნდება, ჩვენ ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროს გარეშე დავრჩებით. თუ საჭირო გახდა, აქციებს ხშირად გავმართავთ“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა სიღნაღის მერიას, თუმცა არც მერმა და არც მისმა მოადგილემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ზუსტად ერთი კვირის წინ საპროტესტო აქცია გამართა სიღნაღის კიდევ ორი სოფლის, კვენაკელისა და ასანურის მოსახლეობამაც. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში საძოვრად იყენებდა, გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მათი ინფორმაციით, საერთო ჯამში ლაპარაკია ორ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაახლოებით 90 ჰექტარს შეადგენს.

ადგილობრივები მოითხოვენ, რომ აუქციონი გაუქმდეს და მათ საძოვრებით სარგებლობის უფლება მიეცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გახდებიან, საქონელი გაყიდონ, რაც ყოველდღიური შემოსავლის გარეშე მათ დარჩენას გამოიწვევს.

გასულ კვირას გამართულ აქციას სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი გამოეხმაურა. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ წნორის მოსახლეობის სახელით მერიაში მოხსენებითი ბარათია შესული, რომლის მიხედვითაც მესაქონლეები თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ, რომ მიწის ნაკვეთები არ გაიყიდოს და კვლავ დასახლების სარგებლობაში დარჩეს.

ბატიაშვილის თანახმად, მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შუამავლის ფუნქციას შეასრულებს და მათ მოთხოვნას სამინისტროს გაუგზავნის, თუმცა გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო მას, წინასწარ არ იციან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG