Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე საუბრის დროს "ბნელ 90-იან წლებს" იხსენებს და ოკუპაციასა და სამოქალაქო ომზე საუბრობს. ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული მოთხოვნების შესახებ გააკეთეს.

"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის და იქნება...

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. ჩვენ კარგად გვახსოვს, ის ბნელი პერიოდი, როცა ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ, ყველა აქტივისტი იყო, ყველა "ძალიან კარგი სპეციალისტი". შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ, სამოქალაქო ომი, და დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა... მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია...

მინდა ყველა ამ ადამიანებს მივმართო და მოვუხმო გონიერებისაკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში", - თქვა ღარიბაშვილმა.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. ამ დროისათვის მოედანზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის წევრები კარვებში დაელოდებიან 24 მაისის 12:00 საათს. სწორედ ამ დრომდე მისცეს მათ ხელისუფლებას ვადა მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
  • საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG