Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გარდაიცვალა 21 წლის გოგო, რომელიც კორონავირუსით შესაძლოა, კლინიკაში დაინფიცირდა


ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა 21 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის წინ მოათავსეს მუცლის არეში ტკივილით. პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაციამდე კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, ოპერაციის შემდეგ გაკეთებულმა ტესტმა კი, უკვე დადებითი პასუხი აჩვენა.

გარდაცვლილის ნათესავმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, ჰოსპიტალში დაინფიცირდა. პაციენტი 22 მაისს, ღამით გარდაიცვალა.

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 21 წლის გოგო კორონავირუსით გარდაცვლილად ითვლება, რადგან 7 მაისიდან კოვიდის პროტოკოლით მკურნალობდნენ:

„როდესაც ადამიანს აქვს კორონავირუსი და მისი გარდაცვალება ხდება კორონავირუსის მკურნალობის ფონზე, ჩვენი რეგულაციით, გარდაცვალების ძირითად მიზეზად გამოდის კორონავირუსი. თუმცა, ამ გოგონას სხვა მძიმე მდგომარეობა ჰქონდა მანამდეც, ვიდრე პისიარმა კორონავირუსი დაადასტურა“, - ამბობს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი თამარ მხატვარი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჰოსპიტალში მიყვანამდე გოგონამ ბათუმის სხვა კლინიკებს მიმართა და კონსულტაცია გაიარა.

პაციენტი მუცლის მზარდი ტკივილით, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 3 მაისს მიიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. როგორც თამარ მხატვარი ამბობს, პაციენტს დაწყებული ჰქონდა პერიტონიტი, მას გაუკეთდა ოპერაცია და პერიტონიალური ღრუს დრენირება.

ექიმის თანახმად, პაციენტის მდგომარეობა ოპერაციამდე და მის შემდეგაც მძიმე იყო. 21 წლის გოგოს თირკმლის უკმარისობა განუვითარდა და 5 მაისს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. პაციენტს კორონავირუსი 7 მაისს ჩატარებული ტესტირებით დაუდასტურდა.

რადიო თავისუფლების შეკითხვას, როგორ შეიძლება მომხდარიყო პაციენტის დაინფიცირება, თამარ მხატვარმა უპასუხა, რომ პასუხის გაცემა ცოტა რთულია, რადგან ნებისმიერ ეტაპზე, ჰოსპიტლის გარეთ, სხვადასხვა კომუნიკაციის დროს და შემდგომ ეტაპებზეც იყო ინფიცირების შანსი:

„თანაბარია იმის ალბათობა, რომ ინფიცირება მომხდარიყო პრეჰოსპიტალურად ან შემდგომ ეტაპებზე. გოგონა შესაძლებელია ჩვენთან შემოსვლისას ყოფილიყო ინკუბაციურ პირობებში და სწრაფი ტესტები ყოფილიყო უარყოფითი. საქმეში ჩართული ეპიდემიოლოგები მოგვცემენ ამ კითხვაზე პასუხს“.

თამარ მხატვარი ამბობს, რომ მკურნალობაში ჩართული იყვნენ როგორც შიდა, ასევე გარე ექსპერტები - ყველა, ვისი ჩართვაც ოჯახმა მოისურვა, ასევე, კოვიდის მართვის გამოცდილების მქონე ექიმები, შეტყობინება დაუყოვნებლივ გაიგზავნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც და პაციენტი მათი მეთვალყურეობის ქვეშაც იყო. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის თქმით, საქმე ჰქონდათ ძალიან მძიმე და ბევრ კითხვასთან დაკავშირებულ შემთხვევასთან.

გარდაცვლილის ოჯახის ნათესავმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გოგონას ოჯახს კლინიკასთან რაიმე პრეტენზია არ აქვს.

XS
SM
MD
LG