Accessibility links

site logo site logo

ცხინვალის ე.წ სამთავრობო დელეგაცია სირიაში არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩავიდა


არჩევნებზე დასაკვირვებლად სირიის რესპუბლიკაში ჩავიდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამთავრობო დელეგაცია. მას ე.წ პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი ხელმძღვანელობს. 26 მაისს სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. სამ კანდიდატს შორის მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადიცაა. მას დაუპირისპირდებიან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აბდულა სალუმ აბდულა და მაჰმუდ აჰმედ მურაი, რომელიც წარმოადგენს პატრიოტულ ოპოზიციას და 2018 წლიდან ხელმძღვანელობს სირიის დემოკრატიულ ფრონტს.

ოსური მედიის ცნობით, დელეგაციაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერის გარდა, შედიან დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იგორ კოზაევი, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ურუზმაგ ჯაგაევი. ვიზიტის პროგრამაში დაგეგმილია არაერთი შეხვედრა. წინა არჩევნები სირიაში 2014 წელს ჩატარდა, რომელშიც ასადმა ხმების 88%-ზე მეტი მოიპოვა. კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მეთაურის არჩევა შეიძლება კიდევ შვიდი წლის ვადით.

2018 წლის 29 მაისს სირიის არაბთა რესპუბლიკამ აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობა“. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ვანუატუმ და ტუვალუმ საკუთარი აღიარებები უკან წაიღეს, სირია იქცა მეხუთე ქვეყნად (რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და ნაურუს შემდეგ), რომელიც ცნობს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს, 29 მაისს, დაგმო სირიის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას დაეგმო რუსეთის ფედერაციისა და ასადის რეჟიმის ქმედებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG