Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

#მეგადავრიცხე - მოქალაქეებმა კამპანია დაიწყეს "რიონის ხეობის მცველების" მხარდასაჭერად


მოქალაქეებმა ფეისბუქში კამპანია დაიწყეს #მეგადავრიცხე იმის დასამტკიცებლად, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი ნამდვილად სახალხო პროტესტია და მისი ერთადერთი დამფინანსებელი ხალხია. კითხვები "რიონის ხეობის მცველების' დაფინანსების წყაროების შესახებ განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პროტესტმა გუმათიდან თბილისში გადმოინაცვლა, სადაც მათ ჰქონდათ ნაქირავები სცენა, გახმოვანების სისტემა, ეკრანები, დაბეჭდილი მაისურები და სხვა ატრიბუტიკა. განცხადებებს იმის შესახებ, რომ არსებობს კითხვის ნიშნები ნამახვანჰესის დაფინანსების წყაროების შესახებ, აკეთებდნენ პოლიტიკოსებიც.

„დღეში რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ფინანსური გამჭვირვალობა, თუმცა იცით, რომ აქციის ორგანიზატორებმა უარი თქვეს ამ თანხების დეკლარირებაზე, რაც არასწორია და დამატებით ეჭვებს ამძაფრებს“, – თქვა დღეს პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან ირაკლი კობახიძემ, რომელიც თვლის რომ იყო მცდელობა, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს დესტრუქციული ფორმა მიეღო.

თავად რიონის ხეობის მცველები ამტკიცებენ, რომ ისინი მზად არიან შემომწირველთა პირადი მონაცემების დაცვით გაასაჯაროონ მათი შემოსავლები, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა არიან და არა პარტია, რომელსაც აქვს ვალდებულება ფინანსების გამჭვირვალობის. "რიონის ხეობის მცველების" პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მარიტა მუსელიანის თქმით, მათ თბილისში აქციებისას მხოლოდ სცენა იქირავეს.

"არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია, რომ ემიგრანტები ამას უზრუნველყოფენ. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ. ეთერში არ ჯდები და დებატებში მონაწილეობას არ იღებ, არგუმენტებს ზოგადად ამბობ და ხარვეზებზე მიუთითებ, რომელ ხარვეზებზეც იცი, რომ უდიდესი ნაწილი, რომელიც ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, აღმოფხვრილია. შეიძლება, რაღაც დეტალებზე საუბარი კიდევ გავაგრძელოთ, ამ დროს პირიქით, ამატებ მოთხოვნას, რომ არა თუ „ნამახვანჰესი“, არამედ უნდა გაჩერდეს ყველა ჰესი და საქართველოს ენერგეტიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ეს არ მგონია სწორი მიდგომა იყოს.

ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა ქართულ ინტერესებში ნამდვილად არ ზის. ასევე არ ზის ხელოვნური, აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილი და გაბერილი კრიზისი ქართულ ინტერესებში. თუ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფი არის, რომელიც როგორც ხელოვნურ კრიზისს, ასევე აქციებს უზრუნველყოფს რეალურად ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, აქ რა თქმა უნდა, მთლად კეთილმოსურნის კვალი არ შეიძლება, დავინახოთ“, - თქვა დღეს კიდევ ერთმა პარლამენტარმა მმართველი პარტიიდან, მამუკა მდინარაძემ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების შესახებ.

გუმათიდან თბილისში აქციების გადმოტანისას პროცესში ჩართული იყო "ახალგაზრდა მწვანეებიც" - მათ რამდენიმე ათასი ლარის მობილიზება შეძლეს თბილისში ჩამოსული აქციის მონაწილეების ტრანსპორტის, ჰოსტელის ხარჯების, საკვების დასაფინანსებლად. ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით, მათ ასევე რამდენიმე ასეული დოლარის რეკლამა აქვთ სოციალურ ქსელში განთავსებული სხვადასხვა დროს "რიონის ხეობის მცველების" მხარდასაჭერად.

დღეს კი, კამპანია #მეგადავრიცხეს ფარგლებში მოქალაქეები ფეისბუქზე აქვეყნებენ სურათს და წერენ, რომ ისინი არიან პროტესტის დამფინანსებლებს შორის.

გაჩნდა დაფინანსების მოპოვების ირიბი გზებიც: მაგალითად არტისტები, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე The why not gallery-სთან თანამშრომლობით ყიდიან ნამუშევარს მდინარე რიონზე და ამ გზით მიღებულ თანხას სრულად "რიონის ხეობის მცველებს" ურიცხავს.

რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერები საუბრობენ იმაზე, რომ მათი მხარდაჭერის დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანები არიან და ემიგრანტების მიერ გაღებული შემოწირულება შეადგენს მათი დაფინანსების დიდ ნაწილსაც.

საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის, რომლის ანგარიშზეც რიცხვენ ადამიანები პროტესტის მხარდასაჭერად ფულს, 2018 წლის ივლისშია შექმნილი. მისი დირექტორი შექმნისას ვალერიან ასათიანი იყო, ახლა კი საჯარო რეესტრის მიხედვით, ვარლამ გოლეთიანია.

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ვალერიან ასათიანი, მარიტა მუსელიანი, მამუკა ჩაჩხიანი, რამინ ჩაჩხიანი. საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის მიზანი წესდების მიხედვით თავიდანვე იყო აქტიური მუშაობა ნამახვანი-ტვიშის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნები შექმნის დროს ასეთი იყო:

  • აქტიურად ჩაერთოდ ნამახვანი-ტვიშის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების პროცესს, საჯარო განხილვების ორგანიზებას, ფართო აუდიტორიის ინფორმირებას, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული რიონის ხეობის ეკოლოგიური ბალანსი და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება და ინტერესები.
  • მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და დარგის ექსპერტებთან კომპეტენტური კვლევების უზრუნველყოფის მიზნით.
  • საჭიროების შემთხვევაში მიმართოს უმაღლესი ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, მასმედიას, სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
  • გამოიყენოს სიტყვის და შეკრების თავისუფლება და კანონის ფარგლებში აქტიურად გამოხატოს ხეობის მოსახლეობის და გულშემატკივართა სამართლიანი პოზიცია ან/და პროტესტი.
  • გააერთიანოს ის ადამიანები, რომელთაც აქვთ კრეატიული უნარი და გამოცდილება და საზოგადოებას და დაინტერესებულ ბიზნესმენებს შესთავაზოს რიონის ხეობის განვითარების ალტერნატიული გზები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG