Accessibility links

site logo site logo

ემანუელ მაკრონმა პატიება ითხოვა რუანდის ტრაგიკულ მოვლენებში საფრანგეთის როლისთვის


ემანუელ მაკრონი რუანდაში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 27 მაისს პატიება ითხოვა იმის გამო, რომ 1994 წელს მისმა ქვეყანამ ვერ შეძლო თავიდან აეცელებინა გენოციდი რუანდაში, რასაც 800 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესწილად ეთნიკური ტუტსი შეეწირა.


მაკრონმა ეს სიტყვები წარმოთქვა ხუთშაბათს რუანდის დედაქალაქ კიგალის მემორიალურ კომპლექსში, სადაც 1994 წლის მოვლენების შედეგად დაღუპული 250 000 ადამიანი განისვენებს. ამასთან როდესაც საფრანგეთის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ ყოფილა გენოციდის თანამდგომი.


მანამდე გენოციდში საფანგეთის თანამონაწილეობის შესახებ მტკიცებით ფორმაში რუანდის პრეზიდენტმა, პოლ კაგამემ, ილაპარაკა. მაგრამ ამავე დროს კაგამემ მნიშვნელოვანი უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს მის ქვეყანაში და პატიების თხოვნას ემანუელ მაკრონის მხრიდან. პოლ კაგამემ აღნიშნა, რომ რუანდელები ვერ დაივიწყებენ საფრანგეთის მოქმედებას, მაგრამ პატიება შეუძლიათო.


საფრანგეთში ახლახან ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება (მაშინ პრეზიდენტი იყო, ფრანსუა მიტერანი) თანამშრომლობდა რუანდის ხელისუფლებასთან, რომელიც 1994 წლის გაზაფხულზე ტუტსის გენოციდის ორგანიზატორად იქცა. მაკრონმა აღიარა, რომ „პარიზი ცდილობდა თავიდან აეცილებინა რეგიონული კონფლიქტი და სამოქალაქო ომი, მაგრამ ფაქტიურად იმ რეჟიმის მხარეს აღმოჩნდა, რომელიც მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორად გადაიქცა“. მას შემდეგ, რაც სარწმუნო წყაროებით ცნობილი გახდა რუანდაში დაწყებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შესახებ, საფრანგეთისა და ბელგიის ჯარები ეხმარებოდნენ ევროპელებს რუანდიდან ევაკუაციაში, მაგრამ არ გააკეთეს არაფერი, რათა შეეჩერებინათ გენოციდი.

აჯანყებულთა არმიამ, რომელსაც სათავეში ედგა პოლ კაგამე, საბოლოოდ მაინც მოახერხა ჰუტუ ექსტრემისტების მიერ გაჩაღებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შეჩერება და რუანდაზე კონტროლის აღდგენა. იმ დროიდან კაგამე უცვლელად მართავს რუანდას. მან შეაჩერა ქვეყანაში სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი და გაატარა რეფორმები, მაგრამ ამასთანავე, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ასევე გააძლიერა საკუთარი ავტორიტარული ძალაუფლება.

რუანდაში 27 წლის წინ, 800 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესწილად ეთნიკური ტუტსი იქნა მოკლული ჰუტუ ექსტრემისტების მიერ. ხოცვა-ჟლეტა დაიწყო 1994 წლის 6 აპრილს - ეთნიკურად ჰუტუ პრეზიდენტის, ჟუვენალ აბიარიმანას მკვლელობიდან ცოტა ხანში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG