Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუქრუთში მოშიმშილეთაგან ორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა


ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა ჭიათურის სოფელ შუქრუთში მოშიმშილეთაგან ორს, სერგო მოდებაძეს და გიორგი ნეფარიძეს. სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ ისინი კვლავ კოროხნალის მაღაროსთან დაბრუნდნენ პროტესტის სხვა მონაწილეებთან ერთად და შიმშილობა გააგრძელეს.

პროტესტის მონაწილე ჯანო ლაბაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რთულია სხვა მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობაც, განსაკუთრებით მოშიმშილე ქალების, რომლებმაც პირი რამდენიმე დღის წინ, 24 მაისს ამოიკერეს.

„სერგო მოდებაძის და გიორგი ნეფარიძის მდგომარება 26 მაისს გართულდა და მათ გადასხმები გაუკეთეს საავადმყოფოში, დღეს დილით გამოწერეს და ისევ აქ დაბრუნდნენ, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს" - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯანო ლაბაძემ. ის ირწმუნება, რომ პროტესტის მონაწილეებს კომუნიკაცია ჰქონდათ "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებთან, რომლებიც მზად არიან მათი მოთხოვნები ხელშეკრულებაში ასახონ, მაგრამ ამ დრომდე არ დაინტერესებულა მათი პროტესტით ხელისუფლება, რომლისგანაც პროცესში ჩართვას ითხოვენ.

"ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა სახელმწიფოს ჩართვა პროცესში და ხელისუფლების წარმომადგენელი არავინ მოსულა. ჩვენ გვინდა სახელმწიფო გახდეს გარანტი, რომ კომპანიას შეასრულებინოს ნაკისრი ვალდებულებები. რადგან სოფელში ცხოვრება აღარ ღირს. ვერაფერი მოგყავს, გენგრევა სახლი და რჩები ღია ცის ქვეშ. ამიტომ ვიდრე არ გვექნება გარანტია, რომ რასაც გვპირდებიან, შესრულდება, მანამდე არ შევწყვეტთ პროტესტს“- ამბობს ჯანო ლაბაძე.

ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრებ 5 კაცს და 3 ქალს პირი აქვს ამოკერილი და კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან ფარდულებში ათევენ ღამეს. პროტესტის უკიდურეს ფორმას შუქრუთელებმა საარსებო გარემოს დაზიანების გამო მიმართეს. სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი 100 დღეზე მეტია აპროტესტებს „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშაობას სოფელში, რაც, მათი თქმით, სახლების ნგრევას იწვევს და გარემოზე უარყოფითად მოქმედებს. კომპანია ზიანს აღიარებს, და მოსახლეობის ნაწილს კომპენსაციას სთავაზობს, მოშიმშილეები კომპანიის აუდიტს უნდობლობას უცხადებენ და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებას ითხოვს, ხელისუფლების დახმარებით.

საპროტესტო აქცია შუქრუთში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00

მოშიმშილეთა საპასუხოდ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება რამდენჯერმე გაავრცელა, კომპანია პროტესტის მონაწილეებს მოლაპარაკების სამართლებრივ სივრცეში გადატანას და შეუთანხმებლობის სასამართლოს გზით გადაწყვეტას სთავაზობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG