Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICAO იწყებს მინსკის აეროპორტში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების გამოძიებას


სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია(ICAO) გამოიძიებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში, ავიაკომპანია Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავისთვის კურსის იძულებით შეცვლის ფაქტს.

გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება 27 მაისს, საგანგებო სხდომაზე მიიღო ICAO-ს საბჭომ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა ორგანიზაციის რომელიმე წევრმა ქვეყანამ საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია(ჩიკაგოს კონვენცია). ICAO-ს საბჭომ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ლაინერში იმყოფებოდა ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს.

რამან პრატასევიჩი პოპულარული ოპოზიციური ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებელია. მან ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. პრატასევიჩს ბელარუსის უშიშროების კომიტეტი ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში.

24 მაისს, ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც რამან პრატასევიჩი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს და მასობრივი არეულობების ორგანიზების შესახებ აღიარებით ჩვენებას აძლევს. ამ ბრალდების საფუძველზე რამან პრატასევიჩს 15 წლით პატიმრობა ემუქრება. ჟურნალისტის ოჯახი და ბელარუსის ოპოზიცია დარწმუნებული არიან, რომ "აღიარებითი ჩვენება" ძლიერი ზეწოლის შედეგია.

24 მაისს, ბელარუსის ავიაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ სიკორსკიმ განაცხადა, რომ მინსკის აეროპორტმა „ჰამასის ჯარისკაცების“ სახელით, ელექტრონული ფოსტით მიიღო ინგლისურენოვანი შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოითხოვენ ევროკავშირის მიერ ისრაელის მხარდაჭერის შეწყვეტას და Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელშიც ეკონომიკური ფორუმის, Delfi-ს მონაწილეები იმყოფებიან, ბომბია და ვილნიუსის თავზე აფეთქდება. პალესტინელთა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ უარყო, რომ კავშირი აქვს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის დანაღმვის შეტყობინებასთან და განაცხადა, რომ მსგავს მეთოდებს არ იყენებს.

Reuters-ის ცნობით, 27 მაისს, შვეიცარიულმა ინტერნეტ-პროვაიდერმა Proton Technologies-მა, რომელიც ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოების მომსახურებას ეწევა, დაადასტურა, რომ Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ბომბის შესახებ წერილი გაგზავნილია მინსკის აეროპორტის დისპეტჩერის მიერ ეკიპაჟის გაფრთხილებიდან 24 წუთის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG