Accessibility links

site logo site logo

PHR პარლამენტის ეთიკის საბჭოს სთხოვს, შეისწავლოს ვახტანგ მეგრელიშვილის არაეთიკური განცხადებები ბავშვებზე


არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" პარლამენტის ეთიკის საბჭოს მოუწოდებს, შეისწავლოს პარლამენტის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის საჯარო გამონათქვამები ბავშვების და მათი უფლებების შესახებ.

2021 წლის 27 მაისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავიდა გადაცემა „ჩათის“ ანონსი, სადაც ვახტანგ მეგრელიშვილი ბავშვთა უფლებებზე არაეთიკურად საუბრობს.

მეგრელიშვილი ბავშვებს მიმართავს შემდეგნაირად: „ ... ბავშვებს უფლებები არ გაქვთ;“ „... იმ თემში თუ ზოგადად მიღებულია ბავშვების მიტყეპვა ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის...“; ასევე, ბავშვების შეკითხვაზე, დასაშვებია თუ არა მშობლების მიერ ბავშვის ცემა, ის პასუხობს, რომ მშობელს უფლება აქვს ბავშვს სცემოს. ბავშვის ფრაზას, რომ ის არ იცნობს „ბავშვის უფლებათა კოდექსს“, პასუხობს, რომ ეს ძალიან კარგია, რადგან შიგნით [კოდექსში] ბევრი სისულელე წერია.

PHR აღნიშნავს, რომ დეპუტატი გამოირჩევა სხვადასხვა ჯგუფის, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებით, მათი ღირსების შემლახველი და ძალადობის წამახალისებელი მოსაზრებებით. პარლამენტის წევრად არჩევამდე, მან ბავშვებთან დაკავშირებით გამოიყენა ფრაზა „ბავშვი არ არის სრულფასოვანი ადამიანი“, ტრეფიკინგის პრობლემაზე საუბრის დროს იკითხა, „რატომ არ შეიძლება ბავშვებით ვაჭრობა?“. ვახო მეგრელიშვილს გაკეთებული აქვს ბავშვთა პორნოგრაფიის დანაშაულთან დაკავებული პირის მხარდამჭერი განცხადება, სადაც თქვა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა არ უნდა იყოს დასჯადი ქმედება, ვინაიდან დაზარალებული არ ჰყავს ამ დანაშაულს.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია თვლის, რომ პარლამენტარის საუბარი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით დაცულ სიკეთეს - ბავშვის უფლებებს და ამყარებს სტერეოტიპებსა და შეხედულებებს ბავშვის უფლების სუბიექტად აღქმასთან დაკავშირებით, ზიანს აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და სერიოზული რისკის წინაშე აყენებს არასრულწლოვნებს. ამასთანავე, ორგანიზაციის შეფასებით, დეპუტატის საუბარი დისკრიმინაციული და ძალადობის ხელშემწყობია და საჭიროებს ეთიკის საბჭოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG