Accessibility links

site logo site logo

„ენკას" ერთი წლით გაუხანგრძლივეს სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"


საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ენკას” ქვემო ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება „ენკასთვის” მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, ეს პროცესი ხსნის კაშხლის მშენებლობაზე 9-12-თვიანი „მორატორიუმის” გამოცხადების რეალურ მოტივს.

„კაშხლის ნაგებობის მშენებლობის გადავადება სინამდვილეში უკავშირდება არა მთავრობისა და კომპანიის კომპრომისს, არამედ იმ ფაქტს, რომ კომპანიამ სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარება თავად დააგვიანა და ამავე პერიოდით მოითხოვა სახელმწიფოსგან ვადის გახანგრძლივება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია „ენკას“ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა მიმდინარე წლის 13 აპრილს ამოეწურა. „საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული ახალი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სავალდებულო დოკუმენტაციის არარსებობას ეკონომიკის სამინისტრო ლოიალობით მოეკიდა და 2021 წლის წლის 19 მარტს, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ეს ვადა კომპანიას 2022 წლის 28 თებერვლამდე გაუგრძელა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ “ენკა”-მ სამინისტროს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიმართა. 12 მარტს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესის ძირითადი ნაგებობების (კაშხალი და წყალსაცავი) მშენებლობაზე კვლევების ნაწილის ხელახალ გადამოწმება-ვალიდაციამდე „მორატორიუმი” ცხადდებოდა. მინისტრის ეს განცხადება საზოგადოებას დღემდე მიეწოდება როგორც კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ პროტესტის საპასუხოდ გადადგა. სინამდვილეში, „ენკას" შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ჰქონდა. მეტიც, სამინისტროსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადებას „ენკა" ვერ ასწრებდა და, შესაბამისად, ჰესის ძირითადი ობიექტების მშენებლობის უფლებას კომპანია კიდევ მინიმუმ ერთი წელი ვერ მოიპოვებდა. ამდენად, ის გარემოება რომ კომპანიამ ჰესის მშენებლობისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში მომზადება ვერ შეძლო, ხელისუფლებამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც „ენკას“ კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ექნება, საზოგადოებრივი აზრის მიმართ დათმობად წარმოაჩინა", - აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი".

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ „ენკასთან“ დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში.

ხელისუფლების მტკიცებით, „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG