ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო მოკავშირის ქალიშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით წაიყვანა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან, და უფლებადამცველები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ქალის სახლში დაბრუნების შემთხვევაში ის, შესაძლოა, "ღირსების" სახელით მოკლან.
ხალიმა ტარამოვას შესახებ 11 ივნისს გავრცელებულ გაფრთხილებამდე ერთი დღით ადრე ჩეჩნეთის და დაღესტნის პოლიციელებმა რეიდი განახორციელეს დაღესტანში მდებარე ბინაში, სადაც ტარამოვა იმალებოდა, და ის წაიყვანეს. ბინას, სადაც ის გაჩერებული იყო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამცველები იყენებენ სახლებიდან გამოქცეული ქალების თავშესაფრად.
ტარამოვას ადგილსამყოფელი უცნობია. ამ კვირაში ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში, იგი ამბობს, რომ ჩეჩნეთში მდებარე თავისი სახლიდან გამოიქცა "რეგულარული ცემის და მუქარის გამო". ის ხელისუფლებას სთხოვდა, მისი სახელი არ შეეტანათ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში. ვიდეო უფლებადამცველებმა გადაიღეს, იმ იმედით, რომ პოლიცია მის ძებნას არ დაიწყებდა.
რუსეთის ლგბტ ქსელის აქტივისტები ტარამოვას გაქცევის მიზეზად ასახელებენ ზეწოლას, რომელიც მასზე მისი სექსუალური ორიენტაციის გამო ხორციელდებოდა. ვიდეოში ტარამოვა, რომელსაც ხალიმატსაც უწოდებენ, არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, რომლებიც მის ცემაში მონაწილეობდნენ.
ტარამოვა დაქორწინებულია, თუმცა მისი ქმრის იდენტობა ამ ეტაპზე უცნობია. მას რადიო თავისუფლებისთვის ნათქვამი აქვს, რომ ქორწინება გარიგებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ შედგა.