Accessibility links

site logo site logo

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლების წარმომადგენლები სამი პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თითქმის 9-საათანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ განუცხადა ჟურნალისტებს.

"​დღევანადელ შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა შეთანხმება. პირველი - ვაწარმოებთ რისკების შესწავლას, თუ გამოვლინდება რისკები, შევეცდებით ისინი აღმოვფხვრათ; მეორე - როგორ არის შესაძლებელი რიონის ხეობაში სიტუაციის განმუხტვა - შევთანხმდით ბარიერების მოხსნაზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების გადაადგილების უზრუნველყოფაზე; მესამე - ენერგო უსაფრთხოებაზე დოკუმენტის შემუშავება - მთავრობა განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას", - თქვა მან.

მისივე თქმით, მედიაციის გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ აღსრულდება შეთანხმება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "რიონის ხეობის მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ამ შეთანხმების შესრულებისთვის დრო შემდეგ პარასკევამდეა, მედიაციის პროცესში კი დააყენებენ ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხს.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.

ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG