Accessibility links

site logo site logo

აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის


აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის სომხეთთან გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ამ შინაარსის განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში სომხეთის საელჩოები ავრცელებენ.

"ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. განსაკუთრებით აღვნიშნავთ შუამავლის როლს და პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ეუთოს შვედეთის თავმჯდომარეობას. ნაღმების რუკების მიღება ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის - მათ შორის განაღმვით სამუშაოებზე მომუშავე პირების - სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს, და იმავდროულად დააჩქარებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ აღდამში ინიცირებულ სარეკონსტრუქციო პროექტებს და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

საკითხს გამოეხმაურა საქართველოში სომხეთის საელჩო და საქართველოდან სომხეთის მიმართულებით 15 მოქალაქის ფოტოს აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს გადასცემდა კონფლიქტის დროს დაკავებულ 15 მოქალაქეს მისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემის შემთხვევაში.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG