Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს გენერალური მდივანი იწყებს საქართველოში ვიზიტს


ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი
ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი

დღეს, 14 ივნისს საქართველოში ვიზიტს იწყებს ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი.

ეუთოს ინფორმაციით, გენერალური მდივანი განიხილავს საქართველოსთან მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს, ეუთოს მიერ საქართველოს მხარდაჭერას ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

თავად გენერალურმა მდივანმა თბილისში ჩამოსვლისთანავე ტვიტერზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელოდება შეხვედრებს ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და იმას, რომ ადგილზე, პირველწყაროსგან გაეცნოს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას.

ორდღიანი ვიზიტისას ჰელგა მარია შმიდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

15 ივნისს, ეუთოს გენერალური მდივანი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში.

ეუთოს მისიამ საქართველოში 16-წლიანი საქმიანობა 2009 წლიდან შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის 22 დეკემბერს რუსეთმა დაბლოკა საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG