Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდის პანსიონში 22 ბავშვი რჩება - საპატრიარქოს კომისიის წევრი


საპატრიარქოს კომისიის წევრი, ვეფხია ოდიშარია ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში 22 ბავშვი რჩება. ამის შესახებ მან პანსიონში ახალ ხელმძღვანელთან ეპისკოპოს იაკობთან ჩასვლის შემდეგ განაცხადა.

"იყო შეხვედრა. მე ვფიქრობ, რომ არ გამოჩენილა ვინმე, რომ ეთქვა, ჩვენ გვინდა [პანსიონის] დატოვება", - თქვა მან.

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ეპოსკოპოსმა იაკობმა შეცვალა.

ეპისკოპოს იაკობის თქმით, საპატრიარქომ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რაც მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა სთხოვა.

„საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რაც არის, პატრიარქის გადაწყვეტილება - ახლა ვარ მე დირექტორი“, - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა. მისი თქმით, დაგეგმილი არის ცვლილებები, რომელსაც მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აპირებდა. „ასეთი დიდი დაწესებულებები იყო ძველად, დღეს უკვე მსოფლიო გადადის შედარებით მცირე, სახლის ტიპის დაწესებულებებზე და ამიტომ ჩვენც ვაპირებთ. მეუფეს ხელი ჰქონდა მოწერილი, ასე რომ, რაღაც სიახლე ჩემიდან არ იქნება“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

13 ივნისს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია“.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.

ნინოწმინდის პანსიონატიდან მოზარდების გაყვანის პროცესი 4 ივნისიდან მიმდინარეობს. 14 ივნისის მონაცემებით, პანსიონატიდან გაყვანილია 30 მოზარდი. პანსიონატში 23 ბავშვი რჩება.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

რა ფორმას მიიღებს პანსიონატი, გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად, სადაც მცირე რაოდენობის, მაქსიმუმ 8-10 ბავშვი იცხოვრებს, ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საპატრიარქო, გაეროს ბავშვთა ფონდი და World vision-ი პანსიონატის გარდაქმნის სტრატეგიაზე ერთობლივად მუშაობენ.

XS
SM
MD
LG