Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში დაიწყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მეასე შეხვედრა


ერგნეთში ცოტა ხნის წინ დაიწყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობს ასევე საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი. შეხვედრის დაწყებამდე მას კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრის სამუშაო დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია მედიას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მიაწოდა. მისი თქმით, მთავარი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება:

„აღნიშნულ შეხვედრაზე მთავარ საკითხს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ბოლო დროს აქტიურ ფაზაში გადასულ უკანონო ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციის პროცესს და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრის დაწყებამდე იგი ესაუბრა ცხინვალის ციხეში პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს, რომლებიც ერგნეთში იმყოფებიან და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულებას ელოდებიან. ირაკლი ანთაძემ მედიას განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და ყველა უკანონო პატიმარი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.

თავის მხრივ, ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ირაკლი ანთაძისგან ახალი არაფერი მოუსმენია. მისივე თქმით, თუ 23 ივნისამდე ზაზა გახელაძე არ გათავისუფლდება, ოჯახი რადიკალურ ზომას მიმართავს და ცხინვალში გადავა:

„ვესაუბრეთ, როგორც ყოველთვის, დაპირებები დიდი, შედეგი არ არის. როგორც ყოველთვის, ამ თერთმეტი თვის განმავლობაში რა სიტყვებსაც ხარჯავდა, აი, ვმუშაობთ, დიალოგი ვერ შედგა, რუსეთსა და ჩვენს შორის მოლაპარაკება ვერ წავიდა, რამე, იგივე სიტყვები იყო ჩვეულებრივ.

23-ში ზაზას აქვს დაბადების დღე. 23-მდე თუ არაფერი გააკეთეს, ნაღდად აღარ გავჩერდებით. მთელი ოჯახი მოვკიდებთ ერთმანეთს ხელს და გადავალთ ცხინვალში და დავაჭერინებთ თავს“, - უთხრა მიხეილ გახელაძემ რადიო თავისუფლებას.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე. წ. საზღვრის ვითომდა დარღვევისთვის უკანონოდ დააკავეს. მოგვიანებით მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG