Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე საზოგადოებას თბილისის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე თბილისის მერობის საერთო კანდიდატად საზოგადოებას განსახილველად საკუთარ თავს სთავაზობს და აცხადებს, რომ თბილისს სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის ხალხის საჭიროებების შესახებ.

„მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორატიულ ინტერესებს“, - აცხადებს ანა დოლიძე, რომელსაც თავისი ბრძოლისუნარიანობის დამადასტურებლად მოჰყავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაგალითი.

„ამომრჩეველის 18-მა პროცენტმა მხარი დამიჭირა, სწორედ როგორც ახალ, დამოუკიდებელ ძალას, ორპოლუსიანობის მიღმა, ჩემი გავლილი გზის შეფასებით. ესაა ხალხის დაკვეთა“, - აღნიშნავს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე თბილისის მერად ირჩეოდნენ პირები, რომლებსაც ძლიერი და გავლენიანი ჯგუფები სთავაზობდნენ საზოგადოებას:

„არ ჰქონდა მნიშვნელობა, მათ კომპეტენციას, თბილისის სიყვარულს და იმ პრობლემების შეგრძნებას, რომელიც თბილისელებს გვაწუხებს. ამიტომ დაუგროვდა ამ ქალაქს წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა“, - მიიჩნევს ანა დოლიძე.

„თბილისელები ვწუხვართ ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ ქალაქზე, "საცობებზე", არამიზნობრივად გაფლანგულ ბიუჯეტზე, ანუ ჩვენ ფულზე, 21-ე საუკუნეში კანალიზაციის, ტროტუარების, გზების, მწვანე სივრცეების თუ სხვა პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის არარსებობაზე.

წუწუნი გასაგებია, მაგრამ ამდენი უკმაყოფილების და ხელის ჩაქნევის დრო არ არის“, - აღნიშნავს პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი. იგი ამბობს, რომ 15 წელია საჯარო სივრცეში ხალხის გვერდით დგას და მომავალშიც ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეძლებს პასუხისმგებლობითა და დამოუკიდებლად მხოლოდ ხალხისთვის სამსახურს.

მოძრაობას „ხალხისთვის“ ანა დოლიძემ გასული წლის მაისში ჩაუყარა საფუძველი. 2021 წლის მარტიდან კი ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ანა დოლიძე კენჭს იყრიდა დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარ დეპუტატად, სადაც მისი კონკურენტები იყვნენ გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნებიდან“ და ზურაბ ჯაფარიძე „გირჩიდან“.

ამ ეტაპზე ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ თუ შემოთავაზება იქნება, მზადაა იყოს თბილისის მერობის საერთო კანდიდატი. კიდევ ერთი პირი, ვინც რამდენიმე დღის წინ გამოხატა დედაქალაქის მერობის პოსტის დაკავების პრეტენზია, არის ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. პარტიებმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქართული არჩევანი“, „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ და „თავისუფალი საქართველო“, კოალიცია „ეროვნული ფრონტი” ჩამოაყალიბეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად სწორედ იგი წარადგინეს.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატთა ზუსტი ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე პარტიათა უმრავლესობა თავს იკავებს.

XS
SM
MD
LG