Accessibility links

site logo site logo

ერგნეთის შეხვედრაზე განიხილეს ოჯახის მიერ ზაზა გახელაძის მონახულების შესაძლებლობა


ირაკლი ანთაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ესაუბრება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა ერგნეთში, ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრის ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ მონახულების საკითხი დაისვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

„ეს შესაძლებლობა განიხილება. დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა ამ იდეამ ჰპოვა გამოხმაურება და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი ვიზიტის თარიღისა და ვიზიტორების რიცხვთან დაკავშირებით“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, ერგნეთის შეხვედრის მთავარი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო:

„რა თქმა უნდა, ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხიც. ეს საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად და, როგორც ყოველთვის, ამაზე გვქონდა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან. იყო შემდგომ, რა თქმა უნდა, კონსულტაციები და ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ, რომელმაც დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ დაპირება იმის შესახებ, რომ ზაზა გახელაძე და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს, ძალაში რჩება და მასზე ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულებას ერგნეთში ჟურნალისტებთან ერთად ელოდებოდნენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი ანთაძემ მათ პირადად გააცნო შეხვედრის შედეგები, რითაც ოჯახი უკმაყოფილო დარჩა.

„კონკრეტული არაფერი, მუშაობენ, მუშაობა გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ დადებენ, მორჩა და გათავდა. კონკრეტული არაფერი. ჩვენ 23-დან დავიწყებთ აქციას და გადავალთ ცხინვალში. ჩვენ არავის არ ვადარდებთ, აქ ვიქნებით თუ ცხინვალის ციხეში, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა. მისი თქმით, ოჯახი პოზიციას არ ცვლის და თუ ზაზა გახელაძე 23 ივნისამდე, თავის დაბადების დღემდე არ გათავისუფლდება, ოჯახის წევრები საოკუპაციო გამყოფ ხაზს გადალახავენ, რათა ისინიც დააკავონ.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე. წ. საზღვრის ვითომდა დარღვევისთვის უკანონოდ დააკავეს. მოგვიანებით მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უკანონო პატიმრობის 11 თვის განმავლობაში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა - მეუღლემ, ქალიშვილებმა და მამამ, მისი მონახულება ცხინვალის ციხეში ერთხელ, "წითელი ჯვრის დახმარებით" შეძლეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრა ერგნეთში 15 ივნისს 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლეშა ხეთერელის გათავისუფლების გარდა, ქართულმა მხარემ განსახილველად დააყენა ასევე უკანონო ბორდერიზაციის საკითხი და ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემები. შეხვედრას დასაწყისში ერთი საათის განმავლობაში დაესწრო საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG