Accessibility links

site logo site logo

თუკი 45 წლის არ ხარ, დღეს კოვიდ-ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ შეძლებ - ვაქცინა არ არის


თუკი შენი ასაკი 45 წელს არ სცდება, კოვიდ-ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ შეძლებ. ანუ, 16 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში დარჩენილია მხოლოდ „ასტრაზენეკას“ დოზები, რომლებიც 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ონლაინ-კლინიკის ცხელ ხაზზე (1522) განუცხადეს. რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“, ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ამ ვაქცინების მარაგი მხოლოდ მეორე დოზით ასაცრელი მოქალაქეებისთვისღაა განკუთვნილი. ანუ, 45 წელს ქვემოთ მოქალაქეებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაცია შეწყვეტილია, თუ არ ჩავთვლით, უკვე დაჯავშნილ ადგილებს.

ვაქცინაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი რიცხვი

16 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია სულ 216 742 აცრა. მათ შორის, სრულად ვაქცინირებულია 72 015 ადამიანი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, ქვეყანამ 2021 წლის მიწურულს, მოსახლეობის დაახლოებით 60%, 1 700 000 ადამიანი უნდა აცრას ორჯერადად. თუკი ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია ივლისში დაიწყება, დაახლოებით, 180 დღეში, 3 400 000 ვაქცინა უნდა გაკეთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში, სულ მცირე 19 000 ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია. 15-16 ივნისის მდგომარეობით, ყოველდღიურად ქვეყანაში დაახლოებით 4500 დოზა ვაქცინა კეთდება.

ვაქცინის პირველი დოზები საქართველომ 13 მარტს მიიღო. 16 ივნისის მდგომარეობით, ჯამში, ქვეყანაში შემოსულია 315 450 დოზა ვაქცინა - „ასტრაზენეკა“ (86 200), „პფაიზერი“ (29 250), „სინოფარმი“ (100 000), „სინოვაკი“ (100 000, ანუ, ჯამში, 157 725 ადამიანის ასაცრელი ვაქცინა.

ვაქცინების უკანასკნელი დოზები ქვეყანამ მიიღო 6 მაისს - 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“. ეს იმას ნიშნავს, რომ 40 დღეა ქვეყანაში ერთი დოზა ვაქცინაც აღარ შემოსულა.

დაპირების თანახმად, ივნისის ბოლოს უნდა მიიღოს საქართველომ 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“ და 500 000 დოზა „სინოფარმი“. როგორც UNICEF-ში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, COVAX პლატფორმის გავლით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ბოლო, 43 000 დოზა ვაქცინა, სავარაუდოდ, 22 ივნისს ჩამოვა.

ასევე ვიცით, რომ საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის, „პფაიზერთან“ და უკვე არსებობს ერთგვარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ერთი მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს „პფაიზერისგან“. სავარაუდო თარიღად ივლისის მიწურული სახელდება.

26 მაისს, რადიო თავისუფლებამ კომპანია „პფაიზერისგან“ კითხვებზე პასუხად მცირე წერილი მიიღო. როგორც წერილში ვკითხულობთ, „მოლაპარაკებების ამ ეტაპზე, მხოლოდ შემდეგი პასუხი შეგვიძლია გაგცეთ. კომპანია „პფაიზერი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ უკვე დასრულებულია წინასწარი მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან ერთი მილიონი დოზა ვაქცინის BNT162b2 მოწოდებასთან დაკავშირებით. ამჯერად კომპანია შეუდგება კონტრაქტის შემდგომ მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან“.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, თვეზე მეტია გვეუბნებიან, რომ „პფაიზერთან“ მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და დეტალებს ვერ გაასაჯაროებენ. ანალოგიურად უპასუხა 16 ივნისს რადიო თავისუფლების კითხვას, „პფაიზერის“ შემოტანის დეტალების თაობაზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ:

„მიმდინარეობს მუშაობა. თქვენ იცით, რომ კონფიდენციალურობის დაცვა ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და როდესაც შესაძლებელი იქნება, რომ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდეს მეტი დეტალი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავასაჯაროვებთ“.

გარდა „პფაიზერისა“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 25 მაისის მონაცემებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს დამატებითი დოზა ვაქცინების მისაღებად „სინოვაკთან“, „მოდერნასა“ და „ნოვავაქსთან“, თუმცა, ამ შემთხვევაში არ კონკრეტდება არც ვაქცინების რაოდენობა და არც მათი ქვეყანაში ჩამოტანის თარიღი. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლის-ოქტომბერში, ქვეყანა ჯამში 3 200 000 დოზა ვაქცინას მიიღებს.

საქართველო, სავარაუდოდ, მოექცევა იმ 92 ქვეყანას შორისაც, რომლებსაც აშშ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს. 7 ივნისს, როცა თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს“.

აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებს ორი წლის განმავლობაში, 92 დაბალშემოსავლიან და აფრიკული კავშირის ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონი დოზა - 200 მილიონი წელს და 300 მილიონი მომავალი წლის პირველ ნახევარში.

როდის და რა ვაქცინით დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია?

დღეს არსებული მდგომარეობით, თუკი ივნისის ბოლოს, ნამდვილად მიიღებს საქართველო ნახევარ მილიონ ჩინურ „სინოფარმს“, გამოდის, რომ ქვეყანაში მასობრივი კოვიდ-ვაქცინაცია სწორედ ამ ვაქცინით დაიწყება.

ამირან გამყრელიძის გათვლებით, თუკი კვირაში 7 დღისა და დღეში 8 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 250 ამცრელი ბრიგადა იმუშავებს, შესაძლებელი იქნება დღიურად 15 000-მდე მოქალაქის აცრა.

რაც შეეხება დიდ ამცრელ პუნქტებს, რომელიც მასობრივი ვაქცინაციისათვის უნდა მოეწყოს, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამგვარი პუნქტები ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოეწყობა. მათ შორის, თბილისში მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, ისე „ჰუალინგთან“, რამდენიმე სპორტულ დარბაზთან და სავაჭრო ცენტრთან.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, დიდი ამცრელი პუნქტების მოწყობის პროცესი მთავრობის დადგენილების გამოცემის შემდეგ დაიწყება.

„ჩავარდნილი“ ვაქცინაცია?

ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი „ჩავარდნილია“. ეჭვით უყურებენ ისინი უახლოეს პერიოდში სრულმასშტაბიანი და ეფექტური ვაქცინაციის პროცესის დაწყებას და ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ცირკულირებული ახალი შტამების ფონზე, პანდემიის მეოთხე ტალღას, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე იქნება, საქართველო იმუნიზირებული მოქალაქეების გარეშე შეხვდეს. ასე ფიქრობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და დარგის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძეც:

„გაურკვეველია გეგმა-გრაფიკი, რა ვაქცინა როდის შემოვა. როდესმე აუცილებლად შემოვა ვაქცინა, შემოდგომიდან გაჯერდება ვაქცინების ბაზარი და შესაბამისად, დიდი ალბათობით, ძალიან უუნარო ხელისუფლებებიც კი შეძლებენ ვაქცინების შეტანას თავიანთ ქვეყნებში, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ამ დაკარგულ თვეებს მიაქვს, როგორც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, ისე მილიონობით ლარი. სახელმწიფო უწყებების გათვლებით, დღეში 20 მილიონ ლარამდე იკარგება მარტო იმიტომ, რომ გვაქვს რეგულაციები, შეზღუდვები, ეკონომიკა ვერ ვითარდება და არ გვაქვს ვაქცინა. არაფერს ვამბობ დაკარგულ ადამიანებზე. შესაბამისად, ყოველი გადაცილებული დღე, კვირა, თვე, ნიშნავს მილიარდობით ლარის დაკარგვას, ათეულობით სიცოცხლის დაკარგვას. ამაშია საქმე, როდესღაც კი შემოვა ვაქცინა და დავიწყებთ ვაქცინაციას, მაგრამ მთავარია, რომ სახელმწიფომ აქამდე ვერ გამართა ეს მექანიზმი, ვერ განჭვრიტა, ვერ დაგეგმა, ვერ განახორციელა“.

„ლელო საქართველოს“ წევრისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტისათვის გაუგებარია, რატომ არ გამოიყენა ვაქცინების შესაძენად საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის ფონდში არსებული 5 მილიარდზე მეტი ლარიდან, თუნდაც 600 მილიონ ლარამდე. ის დარწმუნებულია, რომ თუკი ქვეყანა კომპანიებს ვაქცინის შესაძენად კონკურენტულ ფასს შესთავაზებდა, საქართველოს თებერვალში უკვე ექნებოდა 5 მილიონი დოზა ვაქცინა:

„ეს არ გავაკეთეთ და ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს აუცილებლად. თანხები არსებობდა, 5 მილიარდ ლარზე მეტი. 15 ივნისს, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე მოსული იყო ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის 10%-იანი ზრდა იქნება. მე მას ვკითხე, როგორ წარმოუდგენიათ ეს, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი, ფაქტობრივად, ჩავარდნილია და როდესაც შემოდგომაზე, მეოთხე ტალღას შესაძლოა, სრულიად მოუმზადებლები დავხვდეთ, რის გამოც ისევ მოგვიწევს შეზღუდვების შემოღება და შესაძლოა ლოკდაუნის გამოცხადებაც. ამის საპასუხოდ, გიორგი კაკაურიძემ მოგვიგო, რომ ქვეყანაში მალე ვაქცინები შემოვა და მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. თუმცა, კითხვაზე, როდის არის ეს „მალე“, მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა. მხოლოდ ის თქვა, რომ კონტრაქტები საიდუმლოა. ჩვენ არ ვითხოვთ არც კომპანიის დასახელებას, არც თანხის რაოდენობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მაგალითად, ესა და ეს რაოდენობა ვაქცინა, შემოვა კონკრეტულად ამა და ამ თარიღებში. რაკი ამ თარიღებს ხელისუფლება დღეს ვერ გვიკონკრეტებს, ეს ნიშნავს, რომ არანაირ კონტრაქტებზე ლაპარაკი არ არის და ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ, ისევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მხოლოდ ზეპირი შეთანხმების დონეზე ვართ გაჩერებულები“.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ზუსტად 3 თვის თავზე, ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 2,12%-ია სრულად ვაქცინირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG