Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: კავკასიაში მშვიდობა შესაძლებელია ერთობლივ უსაფრთხოებაზე დამყარებული თანამშრომლობით


თურქეთს მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობა შესაძლებელია ერთობლივ უსაფრთხოებაზე დამყარებული თანამშრომლობით რეგიონის სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ოთხშაბათს ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას.

„არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის სომხეთი, და მთელი მსოფლიო მიიღებს სარგებელს კავკასიაში მშვიდობით და სიმშვიდით“, მოჰყავს ერდოანის სიტყვები თურქეთის სახელმწიფო გამოცემა Daily Sabah-ს.

ერდოანმა ასევე ილაპარაკა ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც, მისი თქმით, მოგებიანი იქნება როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის, ასევე სომხეთისთვის, რომელიც მისი მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილს შეიძლება დაუკავშირდეს სარკინიგზო ხაზით.

2020 წლის სამშვიდობო შეთანხმებით, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე დერეფანში გათვალისწინებულია სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ექსკლავთან, თურქეთსა და ირანთან დააკავშირებს.

თურქეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა თავისი წინადადება ექვსწევრიანი პლატფორმის შექმნის თაობაზე თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის შემადგენლობით, რომელიც ხელს შეუწყობდა რეგიონში მუდმივ მშვიდობას, სტაბილურობასა და თანამშრომლობას.

თავის გამოსვლაში ერდოანმა ისაუბრა აზერბაიჯანის მიმართ თურქეთის მხარდაჭერაზე. „დღეს ჩვენ ყველა საშუალებით ვუდგავართ გვერდში აზერბაიჯანს. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ხვალაც თქვენ გვერდით ვიქნებით“, თქვა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას.

ერდოანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი 15 ივნისს ქალაქ შუშაში, რომელზეც აზერბაიჯანის არმიამ შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი ბრძოლების შედეგად აღადგინა კონტროლი.

15 ივნისს ერდოანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა მთიანი ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც მათ სომხური ძალები აკონტროლებდნენ 30 წლის განმავლობაში.

16 ივნისს ორი ლიდერი ბაქოში დაესწრება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩს თურქეთისა და უელსის ნაკრებ გუნდებს შორის.

სომხეთთან კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს მხარს უჭერს როგორც დიპლომატიურად, ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდებით. კერძოდ, სამხედრო მოქმედებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანის იერიშებმა თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით.

XS
SM
MD
LG