იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ მან საბჭოს შენობაში გამართულ ბოლო ბრიფინგზე განაცხადა.
"ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე გავაგრძელო სასამართლო თემაზე ძალიან სიღრმისეული მუშაობა. არ ვაპირებ, ამ 4-წლიანი სამუშაოს შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი და შევეგუო იმ მდგომარეობას და სიტუაციას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია", - თქვა ჯანეზაშვილმა.
ის მხოლოდ სასამართლო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას აპირებს.
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა. ამ დროის განმავლობაში ის ღიად საუბრობდა სასამართლო სისტემაში არსებულ კლანსა და ნეპოტიზმით დანიშნულ ახალ მოსამართლეებზე.