Accessibility links

site logo site logo

ვინ და როდის შეძლებს გადავადებული „ასტრაზენეკათი“ აცრას - NCDC-ს განმარტება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს ქვეყანაში შექმნილი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ დეფიციტის გამო და ვაქცინაზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებსაც აცრის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაუვადდათ, ბოდიშს უხდის.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, შეიქმნა ე.წ. ლოგისტიკურ პრობლემა, რომელიც უკავშირდება სავარაუდოდ, მათ ხელთ არსებულ მცდარ მონაცემებს:

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მეტი დოზა იყო ქსელში, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ იყო. მიმდინარეობს კვლევა, ეს შეიძლება იყო აღრიცხვის პრობლემა და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა თუ დადგა, პასუხისმგებლობას არავინ გაურბის“.

ამირან გამყრელიძის განმარტებითვე, „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში 22 ივნისს, გამთენიისას უნდა შემოსულიყო, არ ჩამოვიდა. ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის საკითხს და ვადებს, ამ ეტაპზე, გაეროს ბავშვთა ფონდი აზუსტებს. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ 43 დოზა ვაქცინა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა.

ვინ შეძლებს და ვინ ვერ შეძლებს „ასტრაზენეკათი“ აცრას?

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ასტრაზენეკათი“ აცრა, დღევანდელი მონაცემებით, შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რევაქცინაცია დაჯავშნილი აქვთ პირველი აცრიდან 10-12 კვირის პერიოდში:

„დაახლოებით 1600-მდე დოზა „ასტრაზენეკა“ გვაქვს ქსელში და ისინი ყველა აიცრებიან“.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებსაც რევაქცინაცია დაჯავშნილი ჰქონდა 4-8-10 კვირის ფარგლებში, მათ ამირან გამყრელიძე ბოდიშს უხდის და მოთმინებისკენ მოუწოდებს:

„როგორც კი გვექნება დამატებითი ცნობა, თუ როდის შემოდის 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“, მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია“.

ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყვნენ დარეგისტრირებულნი და ასეთი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 1250 ადამიანი, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჩინური წარმოების „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“ შესთავაზონ:

„პირველ დოზაზე ჩაწერილ ადამიანებს, შესაძლოა, ამ ეტაპზე, ალტერნატიულად შევთავაზოთ „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“, თუკი ისინი დათანხმდებიან. თუმცა, დღესაც მიდის მუშაობა გაეროს ბავშვთა ფონდთან და ვაზუსტებთ, როდის შემოვა ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინა“.

ამირან გამყრელიძის მონაცემებით, ჯამში შექნილია 5000-მდე დოზა „ასტრაზენეკას“ დეფიციტი, რაკიღა „ასტრაზენეკას“ დოზების ჯავშნებზე, რომელიც გახსნილი იყო 30 ივნისამდე, ჩაწერილი იყო დაახლოებით 5000-მდე ადამიანი:

„გუშინ დეფიციტი შეიქმნა ძირითადად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ინფექციურსა და ხეჩინაშვილში. არ დავმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები, ამ პასუხიმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მათ შორის. მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანთა ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. ყველა იმ მოქალაქეს, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ თავიანთი აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში იქნება მოწოდება, ამაზე გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს ინტენსიურად. ასევე ჩვენი ბილატერალური მოლაპარაკებები მიდის სხვა ქვეყნებთან და ვფიქრობთ, რომ არ დადგება პრობლემა, რომ 12 კვირის შემდეგ ვინმეს გადაუვადდეს ვაქცინა. ამის გარანტიას ნამდვილად გაძლევთ, რომ 12 კვირის ვადაში ეს ადამიანები აიცრებიან“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ დაიწყო „ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა. როგორც მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოგისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს:

„სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ვაქცინაცია, მას შეექმნება ამის პრობლემა. აუცილებლად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოქალაქესთან იმუშავებენ ჩვენი სამსახურის ოპერატორები, რომ შეატყობინონ მათ ვაქცინაციის შეცვლილი თარიღი, მიიღებენ შეტყობინებასაც და ინდივიდუალურადაც მოვიწვევთ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ პირველი, 43 200 დოზა ვაქცინა, კოვაქს-პლატფორმის გავლით შემოვიდა 13 მარტს. მომდევნო 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“ საქართველომ 6 მაისს მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG