Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის მამას პრემიერი კიდევ ერთხელ შეხვდა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ დღეს, 22 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა, თუმცა, პრემიერ-მინისტრმა თავისი ადრინდელი დაპირება უკან წაიღო.

„ჩემი ოჯახისთვის არ მითქვამს, ისე შევხვდი ირაკლი ღარიბაშვილს. ვუთხარი, რომ შეგვპირდით, რომ ზაზას ორ კვირაში გაათავისუფლებდით, ამ ამბავზე რა ხდება-მეთქი. მითხრა, მეო ასე არ მითქვამსო. მე სხვა ფორმაზე ვთქვიო. შეგვპირდა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა მალე დაბრუნდეს ოჯახშიო. კონკრეტული არაფერი გვითხრა“, - უთხრა ჟურნალისტებს მიხეილ გახელაძემ.

მისი თქმით, ის 23 ივნისს გადავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი ოჯახი კი საპროტესტო აქციას გააგრძელებს. ამასთან, როგორც მიხეილ გახელაძე ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილმა ურჩია, ეს არ გააკეთოს.

„მირჩია, არ გადავსულიყავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს უფრო ცუდად იმოქმედებსო. წამოსვლისას ვუთხარი, რახან ვთქვი, მაინც უნდა გადავიდე-მეთქი“, - თქვა მიხეილ გახელაძემ.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე. წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს ე. წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას შემდეგ ოჯახი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვს.ბოლო დროს მათ იმის შესახებაც განაცხადეს, რომ აქტიურ ქმედებებზე გადავლენ.

ოჯახის წევრების თქმით, უახლოეს ხანებში ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ქვემო ჭალის გარშემო 7 სოფელია. შვიდივე სოფლის მოსახლეობა მათ სოლიდარობას უცხადებს და საპროტესტო აქციაზე გამოსასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG