Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი სომხებს მოუწოდებს, პატივი სცენ არჩევნების შედეგებს


ნიკოლ ფაშინიანის მომხრეთა აქცია. ერევანი, 21 ივნისი.
ნიკოლ ფაშინიანის მომხრეთა აქცია. ერევანი, 21 ივნისი.

დასავლეთი სომხებს მოუწოდებს, პატივი სცენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. 20 ივნისს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53,92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკ „ჰაიასტანს“ კი - 21,04%-მა. არჩევნების შედეგი ფაშინიანის პარტიას აძლევს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობას.

სომხეთში ევროკავშირის მისიამ 22 ივნისს განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი უნდა წარმოდგენილ იქნეს სათანადო პროცედურული მეთოდებით, როგორც ამას სომხეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს. მან ასევე მოუწოდა „ყველა პოლიტიკურ ძალას, ითანამშრომლონ, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ სომხეთის წინაშე მდგარ პრობლემებს.“

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა პარტიას მოუწოდა, „პატივი სცენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პრინციპებს.“ სომხეთის მოქალაქეებმა ყველა პოლიტიკური ძალიდან პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს, მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდება, კანონით გათვალისწინებული გზები გამოიყენონ შეშფოთების გამოსახატად და თავიდან აიცილონ პოლიტიკური ანგარიშსწორება, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს რამდენიმე პოლიტიკური პარტია და ბლოკი. „გაყალბებული არჩევნების“ შედეგების გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „ჰაიასტანი“ (სომხეთი) და პარტიები „აიოც აირენიკი“ (სომხური სამშობლო) და „ვერელკი“(აღმავლობა). ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები აცხადებენ, რომ არჩევნები აშკარა დარღვევებით ჩატარდა, არალეგიტიმურია და ხალხის ნებას არ გამოხატავს.

XS
SM
MD
LG