Accessibility links

site logo site logo

„დელტა“ ანუ ინდური შტამი ძალას იკრებს - რას დაუპირისპირებს მას საქართველო და მსოფლიო


„დელტა“, იგივე „ორმაგი მუტანტი“, იგივე „ინდური შტამი“, ოფიციალურად კი B.1.617.2 - კორონავირუსთან მებრძოლი მსოფლიოს ახალ თავსატეხად იქცა. 24 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის მუტირებული, დელტა შტამი, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მეცნიერების მტკიცებით, ის ე.წ. ტრადიციულ, უჰანურ შტამსა და ბრიტანულ, ე.წ. ალფა შტამზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად, მოკლე დროში აინფიცირებს ბევრ ადამიანს, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და მძიმე პაციენტებისა და გარდაცვალების რიცხვის მატებას იწვევს.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს თანახმად, B.1.617.2 ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 24 მარტს კი ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთში დაფიქსირებული ვირუსის 15-20% სწორედ ე.წ. ინდურ შტამზე მოდიოდა.

დელტა და საქართველო

24 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში, დელტა შტამის ოფიციალურად დადასტურებული რიცხვი 20-ს აღწევს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ამავე მონაცემის შესახებ საუბრობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი 19 ივნისსაც. ამირან გამყრელიძის მტკიცებით, დელტა შტამის ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეალურად, დელტა შტამით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში გაცილებით მაღალი უნდა იყოს:

„ჩვენ ვანგარიშობთ, რომ დღეს, დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და ის 10-დან 20%-მდე მერყეობს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“ და მოსალოდნელია, რომ ეს თანდათან საქართველოშიც მოხდეს. ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დასაცავია“.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის 16 ივნისის მონაცემებით, დელტა შტამის წილი, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 8%-ზე მოდიოდა.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური, დელტა შტამი ოფიციალურად 27 მაისს დაფიქსირდა. ინფიცირებული იყო ხუთი ადამიანი - ორი საქართველოს, სამი კი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე.

დელტა და მსოფლიო

20 მაისის მონაცემებით, COVID-19-ის ინდური ვარიანტი მსოფლიოს 53 ქვეყანაში ფიქსირდებოდა, ერთი თვის თავზე, ამ ქვეყნების რიცხვს კიდევ 30 დაემატა.

ინდოეთი დელტა შტამის მეორე ტალღას ებრძვის.

ლონდონი. ვაქცინაციის პუნქტი ავტობუსშია მოწყობილი.
ლონდონი. ვაქცინაციის პუნქტი ავტობუსშია მოწყობილი.

მიუხედავად ვაქცინაციისა, დიდი ბრიტანეთი ყოველდღიური კოვიდშემთხვევების მატებაზე იტყობინება. ბოლო ერთი თვეა, გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსის შემთხვევები მატულობს. 23 ივნისს, ბრიტანეთში კორონავირუსის 16 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბრიტანეთი აცხადებს, რომ შემთხვევათა 90% დელტა შტამზე მოდის.

ბერლინი. FFP2 ნიღბები მაღაზიის ვიტრინაში.
ბერლინი. FFP2 ნიღბები მაღაზიის ვიტრინაში.

გერმანია შიშობს, რომ დელტა ვარიანტი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას წამოიღებს. გერმანიის პარლამენტის სოციალ-დემოკრატი დეპუტატი, ეპიდემიოლოგი კარლ ლოტერბახი, აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ერთ მესამედს, ვაქცინის ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული, ისევე, როგორც ივნისში გარდაცვლილი 42 პაციენტის ნახევარს.

რობერტ კოხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, ივნისის დასაწყისში, გერმანიაში, COVID-19-ის დელტა ვარიანტზე, ინფიცირების შემთხვევების 6% მოდიოდა. ეს დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, სადაც შემთხვევების 90% სწორედ დელტა შტამზე მოდის, გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, მეცნიერები შიშობენ, რომ დელტა ვარიანტი გერმანიაში სწრაფად გავრცელდება. გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ვირუსის დელტა შტამი ბავშვების ჯგუფებში დადასტურდა, რის გამოც, დაიწყო მზადება ცალკეულ რეგიონებში სკოლების ნაწილობრივი დახურვის თაობაზე.

ისრაელის მოქალაქე "ფაიზერით" იცრება.
ისრაელის მოქალაქე "ფაიზერით" იცრება.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ვაქცინირებული ქვეყანა, ისრაელი აცხადებს, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, 20 აპრილის შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ჩეზი ლევის განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 70% დელტა ვარიანტზე მოდის. მისივე განცხადებით, ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია, ინფიცირებულთა მესამედი კი აცრილი იყო.

მადრიდი. ვაქცინაცია "ფაიზერით".
მადრიდი. ვაქცინაცია "ფაიზერით".

ესპანეთი, ჯერჯერობით, არ უწოდებს „შეშფოთების ვარიანტს (შტამს)“ (VOC) დელტა შტამს, სადაც 21 ივნისის მონაცემებით, შემთხვევათა მხოლოდ 1% მოდიოდა მუტირებულ ვირუსზე. თუმცა, ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ის „ინტერესის ვარიანტია (შტამი)“ (VOI), ანუ, „შეშფოთების ვარიანტზე“ ერთი საფეხურით დაბლა მდგარი საფრთხე.

იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის მუტირებული შტამის გამოვლენა, ანუ სეკვენირება, გარკვეულ დროს მოითხოვს, რთულია ახალი შტამის გავრცელების მაჩვენებლის დადგენა, ამიტომ, დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში, კორონავირუსის დელტა ვარიანტი ესპანეთში დომინანტი გახდება.

იტალია, ვენეცია, ტურისტული სეზონი პანდემიისას.
იტალია, ვენეცია, ტურისტული სეზონი პანდემიისას.

იტალია, მეხუთე ქვეყანაა COVID-19-ის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების მაჩვენებლით. იტალიელი ვირუსოლოგები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში, ვირუსის ინდური შტამი ქვეყანაში ე.წ. ტრადიციულ და ალფა, ბრიტანულ შტამს ჩაანაცვლებს. ამ ეტაპზე, იტალიაში, ვირუსის ახალ შემთხვევათა მეოთხედი, 26%, სწორედ ინდურ ვარიანტზე მოდის.

რუსეთი, მოსკოვი. ფილატოვის საავადმყოფო.
რუსეთი, მოსკოვი. ფილატოვის საავადმყოფო.

რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ მოსკოვში, კორონავირუსის შემთხვევათა 89,3% კორონავირუსის ახალ ვარიანტს, დელტა შტამს უკავშირდება. ეპიდაფეთქება ძირითადად რუსეთის დედაქალაქზე მოდის, სადაც ინფიცირების ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გასამმაგდა. მხოლოდ მოსკოვში, გასულ პარასკევს 9 056 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეპიდემიის დაწყების დღიდან.

შეგახსენებთ, რუსეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინაცია არაავტორიზებული რუსული ვაქცინით Sputnik V-ით დაიწყო. ივნისის მონაცემებით, ვაქცინირებულია მოსახლეობის 9,9%. ინფიცირების შემთხვევათა მატება გაზაფხულიდან დაიწყო, რასაც ივნისში აფეთქება მოჰყვა.

უფრო გადამდები დელტა?

მათემატიკური მოდელირების საფუძველზე, ბრიტანეთის ხელისუფლების სამეცნიერო მრჩევლები დარწმუნებულები არიან, რომ „B.1.617.2 უფრო გადამდებია, ვიდრე B.1.1.7. რეალისტური გათვლებით, ახალი ვარიანტი 50%-ით უფრო გადამდებია“.

ის, რომ კორონავირუსის „ინდური ვარიანტი“ შესაძლოა უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე „ბრიტანული შტამი“, რომელიც, თავის მხრივ, თითქმის 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე COVID-19-ის ორიგინალური, ანუ უჰანური ვერსია, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ლაპარაკობს. კორონავირუსის „ინდურ შტამს“ მათ „ღელვის საბაბი“ უწოდეს.

დელტა და ვაქცინები

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოკვლევის თანახმად, რომელიც 23 მაისს გასაჯაროვდა, ამერიკულ-გერმანულმა „ფაიზერმა“ 88%-იანი ეფექტიანობა აჩვენა ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევაში გართულებების პრევენციის თვალსაზრისით.

რაც შეეხება, ბრიტანულ-შვედურ „ასტრაზენეკას“, მისი ეფექტიანობა „ინდური შტამის“ შემთხვევაში 60%-ია.

აღსანიშნავია, რომ ორივე ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა, სამი კვირის შემდეგ, ინდური ვარიანტის წინააღმდეგ 33 პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, მათ შორის „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“, კონკრეტული მონაცემი ჩინური ვაქცინების ახალ შტამებზე ეფექტიანობის შესახებ, არ არსებობს. ამ ეტაპზე, შეგვიძლია შემოვიფარგლოთ მხოლოდ ზოგადი განმარტებებითა და განცხადებებით. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ.

WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგი კი აცხადებს: „COVID-19-ის აქამდე არსებული ყველა ვარიანტი, ნამდვილად რეაგირებს ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ყველა ვაქცინაზე“.

„ინდური“ თუ კორონავირუსის სხვა ვარიანტების მიმართ ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე აკეთებს განცხადებას ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტი, შაო იმინგი. ის გამოკვლევების წინასწარ შედეგებს ეყრდნობა და ამბობს, რომ ჩინეთში წარმოებულ ვაქცინებს შეუძლიათ „გარკვეული დოზით“ უზრუნველყონ ვირუსის ახალი ვარიანტებისგან დაცვა. თუმცა, არ აზუსტებს, ჩინეთში წარმოებული კონკრეტულად რომელი ვაქცინები შეიძლება იყოს ეფექტიანი კორონავირუსის ახალ შტამებთან ბრძოლაში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის რომელიმე ახალი მუტაცია აღმოჩნდება რეზისტენტული ვაქცინების წინააღმდეგ, „ჩინეთი მზადაა ამ გამოწვევას სწრაფად უპასუხოს, რადგან წარმოების პროცესი უკვე კარგადაა მომწიფებული და არ საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს მუტაციების წინააღმდეგ ახალი ვაქცინების შესაქმნელად“.

როგორია ჩინური ვაქცინების ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებელი ახალი შტამების წინააღმდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ავრცელებს.

ჩინელი ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუხედავად ვაქცინაციისა, ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ეფექტიანი მეთოდი უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით დაცვაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG